საია-ს განცხადებით, თორნიკე რაზმაძის მიმართ სხვადასხვა პლატფორმაზე განხორციელებული ქმედებები ერთიანი, მიზანმიმართული და კამპანიური შევიწროების ხასიათის მატარებელია და სახელმწიფოს ვალდებულებაა, დროულად შეაფასოს ეს რისკები - Palitra News

საია-ს განცხადებით, თორნიკე რაზმაძის მიმართ სხვადასხვა პლატფორმაზე განხორციელებული ქმედებები ერთიანი, მიზანმიმართული და კამპანიური შევიწროების ხასიათის მატარებელია და სახელმწიფოს ვალდებულებაა, დროულად შეაფასოს ეს რისკები

2026-11-24 14:47:19+04:00

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძის მიმართ სხვადასხვა პლატფორმაზე განხორციელებული ქმედებები ერთიანი, მიზანმიმართული და კამპანიური შევიწროების ხასიათის მატარებელია.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული გარემოებები სამოქალაქო აქტივისტის მიზანმიმართული დევნის კამპანიის ნიშნებს შეიცავს, ამასთან ისინი იმპერსონაციის კონტექსტში უნდა შეფასდეს.

„საია ეხმიანება სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის, დისკრედიტაციის მიზნით ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ვიდეოებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.

მითების დეტექტორის 2026 წლის 23 ნოემბრის პუბლიკაციის მიხედვით, 21–22 ნოემბერს სოციალურ ქსელებში სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის, დისკრედიტაციის შემცველი რამდენიმე მასალა გავრცელდა, კერძოდ, [[..“21 ნოემბერს ოპოზიიცის მადისკრედიტირებელმა ანონიმურმა ფეისბუქ გვერდმა პოლიტიკანი (არქივი) აქტივისტ თორნიკე რაზმაძის სახელით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ის, სავარაუდოდ ნარკორეალიზატორს მიმართავს და აცხადებს, რომ მასთან სურს კურიერად „პლანზე, 1 გრამიანებზე“ მუშაობის დაწყება. ვიდეოს თან ერთვის კომენტარი - „ახლა უკვე გასაგებია, რატომ დაძმაკაცდა ახობაძესთან“. 22 ნოემბერს ტიკტოკ გვერდზე “DaDash Pirveli” გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შედის კორპუსის სადარბაზოში კაცი და გაზის მრიცხველებთან იხრება. ვიდეოს თან ახლავს წარწერა: „არ ვარო ხო ბარიგაო თორნიკე რაზმაძემ?“.

22 ნოემბერს ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა კიდევ ერთმა ანონიმურმა „ფეისბუქ“ გვერდმა - „განულებული ოპოზიცია“, გამოაქვეყნა თორნიკე რაზმაძის ფოტო მგლოვიარე, შავებში შემოსილ. ქალთან ერთად, რომლის იდენტიფიცირება გავრცელებული ვიზუალით შეუძლებელია, წარწერით - „ზედოზირებით გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა: „თორნიკე რაზმაძის მსგავსმა ბარიგებმა შეიწირეს ჩემი შვილი“. პოსტის აღწერაში დაკონკრეტებულია, რომ საუბარია დავით ბუაჩიძის დედის ემოციურ წერილზე, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა, არ არის მითითებული არც წერილის ავტორის ვინაობა, არც პოსტის ლინკი.“]]

ამასთან, ამავე პერიოდში პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა რაზმაძეს დაუკავშირეს Facebook გვერდი, რომელმაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ძველი კადრები ახალ ამბად წარმოაჩინა და მსხვერპლის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

საიას შეფასებით, აღნიშნული გარემოებები სამოქალაქო აქტივისტის მიზანმიმართული დევნის კამპანიის ნიშნებს შეიცავს, ამასთან ისინი იმპერსონაციის (impersonation3) კონტექსტში უნდა შეფასდეს, რაც გულისხმობს სხვა პირის იდენტობის გამოყენებას ისე, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, თავად ეს პირი საუბრობს, აკეთებს კონკრეტულ განცხადებას ან ახორციელებს გარკვეულ ქმედებას.

მოცემულ შემთხვევაში, თორნიკე რაზმაძის გამოსახულებისა და ხმის ხელოვნურად გამოყენებით შექმნილი და გავრცელებული ვიდეოები მას მიაწერს რეალურად არარსებულ განცხადებებსა და ქმედებებს, რაც მისი იდენტობის გამოყენებისა და მისი სახელით კომუნიკაციის იმიტაციის აშკარა ნიშნებს შეიცავს. გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში გადამწყვეტია, აღიქმება თუ არა მსგავსი მასალა გონივრული აუდიტორიის მიერ აშკარა სატირად, პაროდიად ან შეფასებით მოსაზრებად, თუ ის წარმოდგენილია როგორც რეალური აუდიოვიზუალური მტკიცებულება.

ამ შემთხვევაში, საიას შეფასებით, მასალებს არ ახლავს სატირული ხასიათის გარკვეული მითითება, და, არც დამოუკიდებელი დამკვირვებლის მიერ შეიძლება იქნას ასეთად მიჩნეული / შეფასებული. ეს ზრდის თორნიკე რაზმაძის პატივის, პირადი ცხოვრების, იდენტობისა და უსაფრთხოების უფლებებზე ზემოქმედების სიმძიმეს.

გამოსახულება პიროვნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. თორნიკე რაზმაძის მიმართ გავრცელებული ყალბი მასალის კონტექსტში ეს პრინციპი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გავრცელებულ ყალბ მასალაში ადამიანის იდენტიფიცირებადი მახასიათებლები გამოიყენება ისეთი ქცევის შესაქმნელად, რომელიც მას არ ჩაუდენია. ამგვარად, პირი კარგავს კონტროლს არა მხოლოდ საკუთარ ვიზუალურ წარმოდგენაზე, არამედ იმაზეც, თუ რა განცხადება ან ქმედება მიეწერება მას.

საიას შეფასებით, მსგავსი შინაარსის ყალბი ვიდეოების მიზანმიმართული გავრცელების მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ციფრული ტექნოლოგიების მანიპულაციური გამოყენებით ადამიანის წინააღმდეგ მტრული გარემოს შექმნის მცდელობა. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რომ თორნიკე რაზმაძე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური პირია.

საიას მიაჩნია, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე განხორციელებული ქმედებები ერთიანი, მიზანმიმართული და კამპანიური შევიწროების ხასიათის მატარებელია, რომელთა კუმულაციური მიზანიც შეიძლება იყოს პირის ფსიქიკური ტანჯვის გამოწვევა, ცხოვრების წესის ცვლილებია ან/ და მის მიმართ ძალადობის განხორციელების პროვოცირება.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას პირის მიერ ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით, თან ახლავს პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, ციფრულ სივრცეში გავრცელებულმა ყალბმა მასალებმა შესაძლოა ონლაინგარემოს მიღმაც გამოიწვიოს პირის შევიწროება, საფრთხე შეუქმნას მის უსაფრთხოებას და შეაფერხოს მისი საზოგადოებრივი საქმიანობა. ეს ყოველივე საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს თორნიკე რაზმაძის, როგორც სამოქალაქო აქტივისტის, უსაფრთხოებას.

შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დროულად შეაფასოს ეს რისკები, მიიღოს სათანადო დამცავი ზომები და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები.

1. თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება, მითების დეტქეტორის ვებგვერდი, 23.11.2026. ხელმისაწვდომია: https://mythdetector.com/ka/thornike-razmadzis/, განახლებულია:23.11.2026.

2. „დისკრედიტაციის კამპანიაა“. ანონიმური გვერდები და პროსახელისუფლებო მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ, რადიო თავისუფლების ვებგვერდი, 23.11.2026. ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/diskreditacia-tornike-razmadze/33904136.html?fbclid=IwY2xjawVxUq1leHRuA2FlbQIxMQBwZG9mBXNydGMGYXBwX2lkEDIyMjAzOTE3ODgyMDA4OTIAAR8rI2HxkZA-X1ugYADAKnqvivUSREVCrRXBKBoLgghQDcUhaCu4v99bP02OLw_aem_4DdYQt7cWCJkAHPRfEK_Bw; „სრული მასშტაბით გაგრძელდა კამპანია ჩემ წინააღმდეგ. არ გამოვრიცხავ არაფერს: სავარაუდოდ რაღაც გეგმაა შემუშავებული და არც ესაა საბოლოო წერტილი. გავდივარ კონსულტაციას იურისტებთან, რისი გაკეთება შეიძლება.ვითხოვ ცრუ ინფორმაციის წაშლას და ბოდიშის მოხდას: თორნიკე რაზმაძის facebook გვერდი,“ 22.11.2026, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/share/v/1CWFPzT9GA/, განახლებულია:23.11.2026.

3. Cambridge Dictionary, ‘Impersonate’: “to attempt to deceive someone by pretending that you are another person” (წვდომის თარიღი: 24 ნოემბერი 2026).

4. REKLOS AND DAVOURLIS v. GREECE, no. 1234/05, 15/01/2009, para 40”, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.