პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის ინფორმაციით, სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე დაახლოებით 13 100-ს შეადგენს.
მისივე თქმით, საყურადღებოა სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა. კერძოდ, როგორც ლომინაძე აღნიშნავს, თუ 2019 წელს ეს მაჩვენებელი 400-მდე ბავშვს შეადგენდა, წელს, 2026 წლის მონაცემებით, რიცხვი თითქმის 3 000-ს უახლოვდება.
ამასთან, პლენარული სხდომაზე ზაზა ლომინაძემ განმარტა, რომ დღეს, სახელმწიფო ზრუნვაში სუროგაციის გზით დაბადებული 18 ბავშვი იმყოფება.
„საქართველოში, სუროგაციის კანონი, 1997 წელს იყო მიღებული. პირველი ბავშვი 2007 წელს დაიბადა. დღეს, ამ მომსახურების მიმწოდებელი არის 26 დაწესებულება, უმეტეს წილად, ამ სერვისის მოსარგებლეები არ არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. მხოლოდ რამდენიმე პროცენტია, ყველა დანარჩენი არასაქართველოს მოქალაქეა.
სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე შეადგენს, დაახლოებით 13 100 ბავშვს. საყურადღებოა, სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა, რომელიც 2019 წელს შეადგენდა 400-მდე ბავშვს და უკვე წელს, 2026 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი თითქმის 3000-ს უახლოვდება.
სუროგაციას თან ახლავს სერიოზული რისკები, რომელიც დაკავშირებულია ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ტრეფიკინგთან და ეთიკურ საკითხებთან.
პრობლემურია, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მდგომარეობა. როდესაც მშობელი, ხელშეკრულების ხელმომწერი პირი უარს აცხადებს ბავშვზე და სახელმწიფო ზრუნვაში რჩება. დღეს, სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება სუროგაციის გზით დაბადებული 18 ბავშვი“,- აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.