სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა და ცენტრალური უკრაინის დიდი ნაწილი, მათ შორის კიევი, რუსეთის მიწებია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„იქ ხალხი ცხოვრობს, რომელიც ჩვენთან ერთად მოინათლა. ყველანი იქიდან მოვდივართ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის გარდა, იმ რუსოფობიის დამარცხებაა, რომლის დანერგვასაც უკრაინაში ცდილობენ, იმ სივრცეში, რომელსაც ახლა უკრაინა ეწოდება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, ლავროვის თქმით, უკრაინის მთელი ტერიტორია „ერთიანი ხალხის საცხოვრებელ ადგილად“ ვერ ჩაითვლება.
ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლეთში „კულტურა და ღირებულებები“ ჩამოყალიბდა, რომელიც რუსეთს „ეწინააღმდეგება“.
„დასავლეთ ნაწილში ბევრი ჩვენთვის სრულიად საპირისპირო კულტურასა და ღირებულებებს წარმოადგენს. უკრაინელი ლიდერები, კუჩმადან დაწყებული და იანუკოვიჩით დამთავრებული, იძულებულები იყვნენ გაეთვალისწინებინათ ის, რომ ამ რადიკალურ ნაციონალისტურ იდეებს ძალიან ძლიერი გავლენა ჰქონდა არა მხოლოდ ქვეყნის დასავლეთში, არამედ იგი უკრაინის სხვა ნაწილებშიც ვრცელდებოდა“, - აღნიშნა ლავროვმა.