11 წლის ანდრია და 3 წლის თაია, რომლებიც ფონიჭალაში, ბუნებრივი აირით მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას.
როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, ქეთი ბარაბაძემ განაცხადა, ორივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, დინამიკაში გაუმჯობესებული და უგრძელდებათ უწყვეტი მონიტორინგი და საჭირო მკურნალობა.
ექიმის განმარტებით, ორივე მათგანი კონტაქტში აქტიურად შემოდის.
„ინგოროყვას კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში შემოყვანილია 2 პაციენტი - 11 წლის ვაჟი და 3 წლის გოგონა. შემოსვლისას, 11 წლის ვაჟის მდგომარეობა იყო მძიმე, გამოხატული იყო სხეულის მრავლობითი ტრავმული დაზიანება, ქალა-ტვინის, გულ-მკერდის. აღენიშნებოდა ყურის ნაფლეთოვანი ჭრილობა, რაც მოითხოვდა აუცილებელ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას. პაციენტი სიმძიმის გათვალისწინებით მოთავსდა ბავშვთა ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. დღეის მდგომარეობით, ჩატარებული ანალიზები, ბავშვის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებით, მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.
მეორე პაციენტი, 3 წლის თაია, რომლის მდგომარეობა შემოსვლისას შეფასდა ნაკლებად მძიმედ, არ საჭიროებდა რეანიმაციულ დეპარტამენტში მკურნალობის გაგრძელებას. შემოსვლისას ყურადღებას იქცევდა მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი, მუხლის სახსრის ტრავმული დაზიანება. დღეის შეფასებით პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, დინამიკაში გაუმჯობესებული. უგრძელდება უწყვეტი მონიტორინგი და საჭირო მკურნალობა. აქტიურად შემოდიან კონტაქტში. თამაშობს, ადეკვატურად იძლევა პასუხს დასმულ შეკითხვაზე და მდგომარეობა არის დინამიკაში გაუმჯობესებული“,- განაცხადა ბარაბაძემ.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა. ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.