ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე 14-15%-იანი ფასების კლება ფიქსირდება, არასასურსათოზე - 28% - Palitra News

ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე 14-15%-იანი ფასების კლება ფიქსირდება, არასასურსათოზე - 28%

2026-11-19 14:38:06+04:00

თუ ikalata.gov.ge-ზე არსებულ ვითარებას შევხედავთ, ივლისიდან დღემდე, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე ფასების კლება არის სადღაც 14-15%-ის ფარგლებში და არასასურსათოზე დაახლოებით, 28%-ის ფარგლებში, - ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ლექვინაძემ აღნიშნა, რომ ოქტომბრის თვეში, საბაზისო სასურსათო 13 პროდუქტიან კალათაზე დაახლოებით, 1.8%-იანი ზრდა აღნიშნა.

„უკვე დაახლოებით, ოთხი თვეა, რაც ფუნქციონირებს პორტალი ikalata.gov.ge, რომელიც მოკლევადიანი სტრატეგიის ნაწილში შეიქმნა და რომელმაც უნდა უზრუნველყოს უფრო მეტი კონკურენცია FMCG სექტორში. Ikalata.gov.ge-ზე წარმოდგენილია 16 სავაჭრო ქსელი და დაახლოებით, 13 სასურსათო საბაზისო პროდუქტი და 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტი. თუ ikalata gov.ge-ს პორტალზე არსებულ ვითარებას შევხედავთ, სადაც კომპანიები ცდილობენ, რომ აღნიშნულ პროდუქტებზე საუკეთესო შეთავაზებები განათავსონ, ივლისიდან დღემდე, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე ფასების კლება არის სადღაც 14-15%-ის ფარგლებში და არასასურსათოზე დაახლოებით, 28%-ის ფარგლებში, თუმცა ოქტომბრის თვეს თუ შევხედავთ, საბაზისო სასურსათო 13 პროდუქტიან კალათაზე დაახლოებით 1.8%-იანი ზრდა დავინახეთ.

მთავარი აქ არის ერთი - პორტალს აქვს ფუნქცია, რომ ონლაინ რეჟიმში დააკვირდეს სექტორის განვითარებას, აქვს ფასების მონიტორინგის ფუნქცია და ჩვენ ვხედავთ დინამიკას, თუ როგორ მიმდინარეობს ფასების კორელაცია. ერთი რამ ფაქტია, ქსელებს შორის კონკურენცია შეინიშნება, კალათის ლიდერები მუდმივად იცვლებიან, კონკრეტულ პროდუქტებზე ლიდერები მუდმივად იცვლებიან და ეს ნიშნავს, რომ მათ შორის მეტი კონკურენციაა. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ ამ სექტორის დაკვირვებას და თუ დავინახავთ რიგი რეკომენდაციების საჭიროებას, რა თქმა უნდა, პარლამენტთან, მთავრობის სხვადასხვა უწყებებთან ერთად, მზად ვართ, რომ ამ რეკომენდაციების გაუმჯობესებაზე ვიმუშაოთ,“ - განაცხადა ლექვინაძემ.