გია ხუხაშვილი - ხელისუფლების კრიმინალიზაცია მოხდა, სად „შავი სამყაროა“ და სად ხელისუფლება, ვერ გაიგებ - Palitra News

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების კრიმინალიზაცია მოხდა, სად „შავი სამყაროა“ და სად ხელისუფლება, ვერ გაიგებ

2026-11-18 21:43:51+04:00

ხელისუფლების კრიმინალიზაცია მოხდა, სად „შავი სამყაროა“ და სად ხელისუფლება, ვერ გაიგებ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

გია ხუხაშვილის თქმით, ფეიქრიშვილების საქმე, სახელმწიფოსა და „შავი სამყაროს“ თანამშრომლობის მაგალითია, რადგან ერთ საქმეზე გაასამართლეს როგორც „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები, ასევე ციხის უფროსი და პენიტენციურის უფროსი.

„ფეიქრიშვილების „ქეისი“ ძალიან კარგად აჩვენებს ანატომიას, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში კრიმინალთან დაკავშირებით. ეს არის პირდაპირი მაგალითი სახელმწიფოს და „შავი სამყაროს“ თანამშრომლობის. კრიმინალს უჩნდება დაუსჯელობის განცდა. კრიმინალი ისედაც მიდრეკილია დანაშაულისკენ და თუ მას საქმეში გაიყვან, ერთობლივი ბიზნესი დაიწყება, ბუნებრივია მკვლელობებიც იქნება, სისხლიანი გარჩევებიც იქნება და ყველაფერი, თუკი სახელმწიფო დაუშვებს, რომ კრიმინალი თანამშრომლობდეს ხელისუფლებასთან. ეს უკვე მოცემულობაა, ერთ საქმეზე გაასამართლეს როგორც „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები, ასევე ციხის უფროსი და პენიტენციურის უფროსი. ერთ საქმეში იყვნენ, ერთად ჩაიდინეს წამების დანაშაული, ერთ ჯგუფად მოიაზრება ხელისუფლება და კრიმინალი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტ ელისო კილაძის საქმეს, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძე დაიჭირეს, ხოლო „მთელი კრიმინალური სინდიკატი“ თავისუფალია.

„იყო დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ძარცვავდა პენსიონერებს. ამ ხალხმა დანაშაული აღიარა. დიდი კრიმინალური სინდიკატი იყო და ჩადიოდნენ დანაშაულს. წარმოვიდგინოთ, რომ ელისო კილაძემ, რასაც ედავებიან, მართლა დააშავა, ანუ საინფორმაციო მხარდაჭერას უწევდა დიდ ძარცვის დანაშაულს, მაგრამ დღეს რა მოცემულობა მივიღეთ? ელისოს მიუსაჯეს 10 წელი, ხოლო მთელი დანაშაულებრივი სინდიკატი არის გარეთ, არცერთი დაჭერილი არ არის“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.