წალკის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო - Palitra News

წალკის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

2026-11-18 16:03:38+04:00

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

საბავშვო ბაღში შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიასაშუალება TOK TV-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, პოლიციას მშობელი დაუკავშირდა. ამავე ინფორმაციით, აღსაზრდელებს ფიზიკურად ეხებოდნენ, ძილის დროს სახეზე ბალიშებს აფარებდნენ, კუთხეში აყენებდნენ და თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.