დავით მათიკაშვილი - ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან - ნუ ერიდებათ, გამოვიდნენ და ხმამაღლა განაცხადონ, რომ სახელმწიფოებს უუქმდებათ სუვერენიტეტი - Palitra News

დავით მათიკაშვილი - ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან - ნუ ერიდებათ, გამოვიდნენ და ხმამაღლა განაცხადონ, რომ სახელმწიფოებს უუქმდებათ სუვერენიტეტი

2026-11-18 13:57:30+04:00

ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან - ამ რელსებზე გადადის ევროკავშირის ბიუროკრატია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მონტენეგროს მიმართ წაყენებული მოთხოვნები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ცდილობს ევროკავშირის ბიუროკრატია კანდიდატი სახელმწიფოების სუვერენული უფლებების გაუქმებას.

“თუ ბრიუსელის ბიუროკრატიას სურს, რომ ევროკავშირის დემონტაჟი განახორციელოს და პირდაპირი მნიშვნელობით დაამსგავსოს საბჭოთა კავშირს, მოდი, ნუ ერიდებათ, გამოვიდნენ და ხმამაღლა განაცხადონ იმის შესახებ, რომ სახელმწიფოებს უუქმდებათ სუვერენიტეტი, სახელმწიფო წევრ ქვეყნებს აღარ ექნებათ სუვერენული უფლებები. განსაკუთრებით, კი ახლად მიღებულ წევრებს, რომლებიც დღეს კანდიდატები არიან, მათ მაგივრად, მათი ხელისუფლებების ნაცვლად, რომლებიც ხალხის მიერ დემოკრატიული წესით იქნება არჩეული, გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ბრიუსელში ბიუროკრატებმა, რომელიც დღეს არიან მოკალათებული სავარძლებში. სხვა რას უნდა დავაბრალოთ ის, რომ ქვეყანაში, კონკრეტულად, მონტენეგროზეა საუბარი, ითხოვენ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანას, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები უნდა დაექვემდებარონ “ვეტინგს” და “ვეტინგი”უნდა იყოს გარედან ნაკარნახევი, ვისი ხელით გაკეთებული ღმერთმა უწყის. დემოკრატიის პრინციპის მიღმა, მისი წესების პრაქტიკულად უგულებელყოფით, ვიღაც კონკრეტულმა პირებმა თუ ადამიანების ჯგუფებმა შეამოწმონ, ახლა ხალხმა რომ აირჩია მონტენეგროში კონკრეტული პოლიტიკური პარტია და მისი ლიდერი, არის კეთილსინდისიერი თუ არ არის კეთილსინდისიერი. რა აბსურდთან გვაქვს საქმე. ეს არის ის აბსურდი, რომელზედაც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ. ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია შედარება ევროკავშირისა საბჭოთა კავშირთან. ეს არის ის ღერძი, რომლითაც შექმნილმა საბჭოთა კავშირმა დაქვემდებარებული, ეგრეთ წოდებული რესპუბლიკების მართვა გადაწყვიტა და ასეც ახორციელებდა ვიდრე საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა. ახლა ამ რელსებზე გადადის აბსოლუტურად ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს და ეს მოთხოვნები გააჩნია წევრი სახელმწიფოების, უფრო კანდიდატი სახელმწიფოების მიმართ, რაც არის სრული აბსურდი და არ მგონია, რომ მონტენეგროს საზოგადოებამ და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ღირსეულმა, თავმოყვარე, სუვერენულმა სახელმწიფომ ტაშით და ოვაციებით მიიღოს ჩარევა სუვერენიტეტში, რომელსაც ბრიუსელი სთავაზობს”, - განაცხადა მათიკაშვილმა.