ირმა ინაშვილი - მეუფე იობის ქადაგება არის სიმართლის ხმა - ცვლილებები რომ საჭიროა, ამას ხომ ყველა ვგრძნობთ და ვხედავთ, არავითარი რევოლუციური ან გადატრიალების მცდელობა ამ ქადაგებაში არ ყოფილა - Palitra News

ირმა ინაშვილი - მეუფე იობის ქადაგება არის სიმართლის ხმა - ცვლილებები რომ საჭიროა, ამას ხომ ყველა ვგრძნობთ და ვხედავთ, არავითარი რევოლუციური ან გადატრიალების მცდელობა ამ ქადაგებაში არ ყოფილა

2026-11-17 23:33:04+04:00

მეუფე იობის ქადაგება არის სიმართლის ხმა - თუ მეუფემ ბრძანა ის, რომ ცვლილები საჭიროა, განა ამაში რა არის ახალი და განსაკუთრებული, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ირმა ინაშვილის თქმით, არავითარი რევოლუციური ან გადატრიალების მცდელობა ამ ქადაგებაში არ ყოფილა.

ამასთან, მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოახერხა საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაშინება.

„საერთო ხედში ჩანს, რომ კობახიძის მმართველობა შესულია ძალიან მძიმე ფაზაში და ის არის მოტივირებული მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ განიმტკიცოს ძალაუფლება. ძალაუფლების განმტკიცების პროცესში პარალელური ხაზი არის შავი კამპანია, აგიტაცია-პროპაგანდა, რომელსაც ეწევიან „ქართული ოცნების“ პიარ-ჯგუფები ჟურნალისტების, მსახიობების, ექსპერტების, მოქალაქეების და ახლა უკვე სამღვდელოების მიმართაც. ეს არის ძალიან სახიფათო ფაზა...

ასე მოქმედებს კობახიძე, ის იშორებდა გზიდან ყველას, თუ მასში რაღაც პოტენციალს ხედავდა. საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა ცრუ დაბეზღებებსა და ტექნოლოგიებში. მისი ბოროტი ტაქტიკა განხორციელდა არაერთ ადამიანზე და ამით გარკვეული პერიოდის მანძილზე ინარჩუნებდა ძალაუფლებას, მაგრამ დღეს მისი ძალაუფლება ძალიან მძიმეა, რეპუტაციულად იმდენადაა დაზიანებული.

მეუფე იობის ქადაგება არის სიმართლის ხმა. ჩვენი გამოსვლები და საუბარიც. ზოგჯერ გვეტყვიან ხოლმე: „საუბრობთ და საუბარს რა აზრი აქვს“, როგორ არ აქვს აზრი. რომ გადავხედოთ საზოგადოებას, ძალიან დიდი ნაწილი დადუმებულია. კობახიძემ მოახერხა საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაშინება.

თუ მეუფემ ბრძანა ის, რომ ცვლილები საჭიროა, განა ამაში რა არის ახალი და განსაკუთრებული. ცვლილებები რომ საჭიროა, ამას ხომ ყველა ვგრძნობთ და ვხედავთ. არავითარი რევოლუციური ან გადატრიალების მცდელობა ამ ქადაგებაში არ ყოფილა“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.