ანა ბუჩუკური - არარელევანტურია საკითხები, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - სამწუხაროდ, გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა მოპასუხე მხარეს არ შეუძლია - Palitra News

ანა ბუჩუკური - არარელევანტურია საკითხები, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - სამწუხაროდ, გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა მოპასუხე მხარეს არ შეუძლია

2026-11-17 13:10:30+04:00

არარელევანტურია საკითხები, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს და ამის კონსტიტუციური საფუძველი არ არის, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, საკითხები, რომლებსაც მოსამართლეები სვამდნენ, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ არ მიემართება.

„მე-14 დღეა განხილვები მიმდინარეობს და წესით დღეს ჩვენი რიგი უნდა დადგეს, კითხვები უნდა დაგვისვან. მართალი გითხრათ, იმდენად არარელევანტურია ის საკითხები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს, ამის კონსტიტუციური საფუძველი არ არის. ის საკითხები, რომლებსაც გუშინ სვამდნენ მოსამართლეები, არცერთი საკითხი ჩვენს პარტიას არ მიემართება, იმიტომ, რომ დაწყებული ვეტინგიდან, დამთავრებული ალიანსში არმონაწილეობით, ჩვენს პარტიას ყოველთვის განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. მართლა მაინტერესებს, რა კითხვებს დაგვისვამენ ჩვენ. საბოლოო ჯამში კი, იცით, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს. გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა აქ მსხდომ მხარეებს, მოპასუხე მხარეს სამწუხაროდ არ შეუძლია. საზოგადოება ხედავს სხვაობას კომპეტენციის თვალსაზრისით - ამას ადამიანები გრძნობენ. შეიძლება რაღაც კონკრეტულ იურიდიულ ტერმინებსა და მსჯელობებს არ მოგყვებოდეს, მაგრამ ამას ადამიანი ბუნებრივად გრძნობს“, - აცხადებს ანა ბუჩუკური