ჩემი გზავნილი, როგორც ევროკომისარ მარტა კოსთან, ასევე ყველა სხვა შეხვედრაზე შემდეგია: - გააგრძელეთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რადგან ქართველი ხალხი ევროკავშირს ირჩევს და მათ დღეს ევროპის მხარში დგომა სჭირდება! მეორე გზავნილია - გააგრძელეთ და გაზარდეთ ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომელიც ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მადის და ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს! - ეს განცხადება “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც დაკავშირებადობის მინისტერიალი მიმდინარეობს.
როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “რომ არ გვმართავდეს ხელისუფლება, რომელიც რუსულ დაკვეთას ასრულებს“, საქართველო დღეს ბრიუსელში იქნებოდა წარმოდგენილი და იქნებოდა ევროკავშირის გაფართოების მოწინავე სახელმწიფო.
“იმის მიუხედავად, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოწვეული და წარმოდგენილი არ არის, ვხედავთ, რამდენი ქართველია როგორც ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევანი არის ევროპა, იმის მიუხედავად, რომ დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას კონსტიტუციის დარღვევით საპირისპირო მიმართულებით მიაქანებს.
როგორც ურსულა ფონ დენ ლაიენის, ასევე ალექსანდ სტუბის გამოსვლების დროს, ძალიან ნათლად ითქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება ეს არის გეოპოლიტიკური პროცესი. ამიტომ უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში პროცესი დაჩქარებული ტემპით უნდა წავიდეს.
საქართველო დღეს აქ იქნებოდა წარმოდგენილი, მათ შორის იქნებოდა ევროკავშირის გაფართოების მოწინავე სახელმწიფო, რომ არ გვმართავდეს ხელისუფლება, რომელიც რუსულ დაკვეთას ასრულებს და ამ უნიკალურ შესაძლებლობას ხელოვნურად გვართმევს. დღეს მოქალაქეებმა ხელისუფლებისგან ამ პოლიტიკის სწრაფი და რადიკალური ცვლილება უნდა მოითხოვონ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირში მყარად ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომ “პარტიების აკრძალვის პროცესი ეს არის სპეცოპერაცია, რომელსაც რუსეთი საქართველოში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საშუალებით აწარმოებს.
“ეს არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების და მისი დემოკრატიული მომავლის საბოტაჟი. ამიტომ ადეკვატურია იმ პროცესის შეფასება, რაც დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის - აბსოლუტურად იზიარებენ ჩვენს ხედვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ყველა ძირითადი პროევროპული პოლიტიკური პარტიის აკრძალვა სწორედ საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობა იქნება, რადგან კონსტიტუცია ადგენს როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს, ასევე ჩვენს მომავალს ევროკავშირში“, - განაცხადა სამადაშვილმა.