დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა მიიღო.
პროცესს არც ერთი ბრალდებული არ დასწრებია.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა ყველა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის თქმით, ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს. პროკურორი დანაშაულის ხასიათზე და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე ამახვილებდა ყურადღებას, რის საფუძველზეც, დავით ფეიქრიშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
ამასთან, ყულჯანიშვილის თქმით, ჯგუფური ძალადობა რამდენიმე დღე გრძელდებოდა. ის ბრალდებულების პიროვნულ მახასიათებლებზე ამახვილებდა ყურადღებას.
სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, შოთა ყიფიანი 2023 წელს გასამართლებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ასევე, ის გასამართლებულია გამოძალვისთვის და პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული.
ავთანდილ ბილანიშვილიც ნასამართლევია წარსულშიც, მათ შორის იარაღის ნაწილში, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებები აღუსრულებელი აქვს.
სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, დავით კაჭარავაც განზრახი კატეგორიის ფაქტებზე არის ნასამართლევი.
ყულჯანიშვილის განმარტებით, პავლე გოცირიძეც წარსულში არაერთხელ არის გასამართლებული განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის.
პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ვატო ყიფიანისა და დანარჩენი პირების ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განმარტებით, საქმეზე პატიმრობის გამოყენების არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები არ არსებობს. ფხალაძის თქმით, ერთადერთი ინფორმაცია, რაც ბრალდების მხარეს აქვს, ფეიქრიშვილის ჩვენებაა, რომელიც გამოძიების ეტაპზე შეიცვალა. ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილის მიერ მიწოდებული ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები არ უნდა იყოს პატიმრობის გამოყენების საფუძველი.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა და მას ფეიქრიშვილმა არ მიაწოდა ინფორმაცია, უთხრა, რომ საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო დაზიანებები.
ფხალაძის თქმით, 5 ბრალდებულიდან 4 ბრალდებულს ისედაც პატიმრობა აქვს შეფარდებული, პავლე გოცირიძე კი ისედაც მსჯავრდებულია, შესაბამისად, ის პატიმრობის გამოყენების საჭიროებას ვერ ხედავდა.
ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ისედაც პატიმრობაში იმყოფება და ისევ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები აღარ არსებობს.
აბესაძის თქმით, უკვე პატიმრობა შეფარდებული პირის მიმართ ისევ პატიმრობის გამოყენება მისი უფლებების შელახვაა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახეობა არ უნდა იყოს გამოყენებული.
მოსამართლის კითხვაზე, გიორგი პატარიძე და რამაზ ფირცხალავა არიან თუ არა დაკავებულები, ან რას ითხოვს პროკურატურა, ბრალდების მხარემ უპასუხა, რომ დაკავებულები არ არიან და მათ მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვენ.
მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
რაც შეეხებათ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას მათ საქმეს ცალკე განიხილავენ, სხდომის დრო უცნობია.
ცნობისთვის, პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, N 8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.