ხელისუფლებას ეკლესიამ, რა თქმა უნდა, ანგარიში უნდა გაუწიოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ანგარიშის გაწევა კომპრომისული არ უნდა იყოს. ეკლესიამ ყოველთვის სიმართლე უნდა ილაპარაკოს , - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, პოლიტიკურ განცხადებებს ეკლესია ვერ გააკეთებს, რადგან ეკლესიის წევრებს შორის ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც პოლიტიკური განათლება აქვს.
„რა თქმა უნდა, ეკლესიამ ყოველთვის სიმართლე უნდა ილაპარაკოს და ყოველთვის უნდა თქვას სწორი რაც არის, მაგრამ საქმე ის არის, რომ პოლიტიკურ განცხადებებს ეკლესია ვერ გააკეთებს იმიტომ კი არა, რომ ერიდება ვინმეს, არამედ იმიტომ, რომ ეკლესიის წევრებს შორის ძალიან ცოტა ადამიანია, თუ არის საერთოდ, ვისაც პოლიტიკური განათლება აქვს და ვისაც შეუძლია სწორი პოლიტიკური განცხადებების კეთება. მე შეიძლება ხანდახან პოლიტიკური განცხადება გამომდის, მაგრამ ეს არ არის წინასწარ დაგეგმილი, შეიძლება ეს თავისით მოხდეს. მე არ მაქვს პოლიტიკური განათლებადა ხანდახან იმასაც ვერ ვხდები ხოლმე, პოლიტიკურია თუ არა ჩემი განცხადება. მე ვლაპარაკობ, რასაც ვფიქრობ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობის შესახებ დასმულ კითხვაზე კი მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ აკრძალვით გრძელვადიანი შედეგი ვერ მიიღწევა.
„მე არ ვიცი, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს რას მოიტანს, როგორ იქნება, მაგრამ სხვანაირად რომ შევხედოთ, ადამიანს რომ აუკრძალო სიმართლის თქმა, ამით შედეგს ვერ მიაღწევ, ჩვენთანაც ხდება, როდესაც ადამიანი არასწორად ლაპარაკობს. ერთადერთი, რაც შეიძლება ასეთ დროს ოპონენტს დაუპირისპირო, ეს არის მისი განცხადების სწორი კომენტარი. როდესაც ჩვენთან სასულიერო პირი არასწორ სწავლებას ავრცელებს, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მოვისმინოთ და შესაბამისი ჯანმრთელი პასუხი გავცეთ და არავითარ შემთხვევაში ის, რომ ავუკრძალოთ ქადაგება, თუნდაც არასწორი. აკრძალვით იმის მიღწევა, რომ აღარ ილაპარაკოს ადამიანმა, ეს არ არის ორიენტირებული გრძელვადიან შედეგზე. ამით შედეგს ვერ მივაღწევთ.
რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს, პოლარიზაცია არ იყოს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელისუფლებას ეკისრება ეს პასუხისმგებლობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი უნდა ჰქონდეს ოპოზიციაში მყოფ პარტიებს თუ კონკრეტულ ადამიანებს და ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ კონსტრუქციული იყოს ჩვენი ურთიერთობა, საუბრები და დამოკიდებულება ერთმანეთთან“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.