პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით - 79 ხმით მიიღო. საარჩევნო კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემები ცესკოს შემაჯამებელ ოქმში ასახულ ინფორმაციას არ დაემთხვევა. კიდევ ერთი სიახლის თანახმად, როგორც პარლამენტის, ასევე მუნიციპალიტეტების საკრებულოების და მერების არჩევნების საბოლოო შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად, ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც სწორედ ცესკო გამოსცემს.