უკრაინის დელეგაცია რუსეთსა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა - რუსტემ უმეროვის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან საკოორდინაციო შეხვედრებია დაგეგმილი - Palitra News

უკრაინის დელეგაცია რუსეთსა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა - რუსტემ უმეროვის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან საკოორდინაციო შეხვედრებია დაგეგმილი

2026-11-09 18:54:28+04:00

უკრაინის დელეგაცია რუსეთსა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა , - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელზე, რუსტემ უმეროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსტემ უმეროვის განცხადებით, 10-11 ნოემბერს დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობას უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები მიიღებენ.

ამასთან, უმეროვის თქმით, აბუ-დაბიში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის, ასევე ნატო-სა და ევროკომისიის წარმომადგენლებიც იქნებიან.

„ევროპელ პარტნიორებთან ცალკე საკოორდინაციო შეხვედრები გვექნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ძირითად პარტნიორთან მჭიდრო კოორდინაციის შენარჩუნება, პოზიციების შეჯერება და მოლაპარაკებების პროცესში შემდგომი ნაბიჯების შესახებ საერთო გაგების ჩამოყალიბება“, - აცხადებს უმეროვი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია აბუ-დაბიში უსაფრთხოების მრჩევლების დონეზე იქნება წარმოდგენილი. ასევე, აბუ-დაბიში იქნებიან ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელი, ჯეფრი ვან ლიუვენი და ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი, ბიორნ ზაიბერტი.