2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მლნ ლარით იზრდება და 31 362,7 მლნ ლარს შეადგენს - Palitra News

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მლნ ლარით იზრდება და 31 362,7 მლნ ლარს შეადგენს

2026-11-09 16:52:52+04:00

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მლნ ლარით იზრდება და 31 362,7 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც მთავრობა განმარტავს, საბიუჯეტო ცვლილებებით ერთი მხრივ ხორციელდება იმ პროგრამების დამატებითი დაფინანსება, რომლებშიც 2026 წლის განვლილ პერიოდში ახალი საჭიროებები გამოიკვეთა, ხოლო მეორე მხრივ, რიგ ორგანიზაციებზე ის რესურსები გამოიყოფა, რომელთა ფარგლებშიც აღნიშნული ორგანიზაციები პროექტებს 2027 წლის განმავლობაში განახორციელებენ და ეს რესურსები 2027 წლის შესაბამის ასიგნებებში გათვალისწინებული არ არის.

ამასთან, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით ის პროგრამები და პროექტები კორექტირდება, სადაც წარმოქმნილია ეკონომიები ან/და წლის ბოლომდე მოსალოდნელია ათვისების ნაკლები მოცულობა.

საბიუჯეტო ასიგნებების ცვლილებები ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 50,0 მლნ ლარით იზრდება და 9 718,6 მლნ ლარით განისაზღვრება.

დამატებული თანხა მთლიანად გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების საკომპენსაციო თანხების ანაზღაურებისთვის. როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, აღნიშნული ახალ სამთავრობო ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებული ოჯახის სურვილის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლის მოლოდინის ნაცვლად, აიღოს საკომპენსაციო თანხა ოჯახის თითოეულ წევრზე - 10 000 ლარის ოდენობით.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 6,1 მლნ ლარით იზრდება და 2 708,3 მლნ ლარს შეადგენს.

წარმოდგენილი ცვლილებებით 10,0 მლნ ლარი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებას ემატება, ხოლო მოსალოდნელი ათვისების გათვალისწინებით 3,9 მლნ ლარით მცირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსებული პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა.

სპორტის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 35,8 მლნ ლარით და 361,1 მლნ ლარს შეადგენს. დამატებითი თანხები გამოყოფილია:

სხვადასხვა სპორტული ფედერაციებისთვის, წლის განმავლობაში გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით დამატებით გამოიყოფა 10,9 მლნ ლარი;ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ორგანიზების ხარჯების დასაფარად გამოიყოფა დამატებით 4,0 მლნ ლარი;საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით სპორტსმენთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის დაჯილდოების მიზნით (საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მოცულობების შესაბამისად) დამატებით გამოიყოფა 10,4 მლნ ლარი;მომდევნო წლის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, ასევე, სამინისტროს ბალანსზე არსებული სპორტული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად გამოიყოფა 10,5 მლნ ლარი;გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 353,2 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 161,4 მლნ ლარის ოდენობით. ფინანსთან სამინისტროს ინფორმაციით, დამატებით გამოყოფილი თანხებიდან 158,2 მლნ ლარი წარმოადგენს მიმდინარე წლის ბოლომდე გასაწევ დამატებით ხარჯს, ხოლო 195,0 მლნ ლარი გამოეყოფა სამინისტროს სხვადასხვა ორგანიზაციებს, მომდევნო წელს განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების დასაფინანსებლად პროგრამების დონეზე წარმოდგენილია შემდეგი ცვლილებები:

მიმდინარე წლის რთველის დაფინანსების მიზნით დამატებით გამოიყოფა 170,0 მლნ ლარი და ჯამურად აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი თანხა შეადგენს 250,0 მლნ ლარს;საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამების მოცულობა, წლის ბოლომდე მოსალოდნელი ათვისების გათვალისწინებით მცირდება 11,8 მლნ ლარით;სამელიორაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და მისი მოვლა-შენახვის ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყოფა 110,0 მლნ ლარი. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული თანხა წარმოადგენს 2027 წელს განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხას. აღსანიშნავია, რომ 2027 წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებებით განსაზღვრული იყო 100,0 მლნ ლარი, რომელიც არ არის გათვალისწინებული 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში;მომდევნო წელს რთველის დასაფინანსებლად გამოიყოფა 45,0 მლნ ლარი, რისი გათვალისწინებითაც ამავე თანხით 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში შემცირებულია რთველის დაფინანსების პროგრამა;მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით, მომდევნო წლის ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყოფა 40,0 მლნ ლარი, ხოლო 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში ამავე მიზნებისთვის გათვალისწინებული თანხა შემცირებულია 5,0 მლნ ლარით;ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები ჯამურად იზრდება 417,4 მლნ ლარით და შეადგენს 1 346,0 მლნ ლარს. ამასთან, ასიგნებების ზრდა საბიუჯეტოს სახსრების ნაწილში შეადგენს 605,1 მლნ ლარს, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსებული პროექტების ნაწილში შემცირებულია 187,6 მლნ ლარით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსების ნაწილში შემცირება ხორციელდება შემდეგ პროექტებში:

სოფლების ინტერნეტიზაციის მიზნით ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობის ნაწილში გამოყოფილი ასიგნება მცირდება 31,4 მლნ ლარით;ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების თანხა მცირდება 81,0 მლნ ლარით;შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში გეოლოგიური კვლევების განხორციელება დაგეგმილია მომდევნო წელს, შესაბამისად ამ მიზნით გამოყოფილი თანხა მცირდება 23,9 მლნ ლარის ოდენობით;ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება მომდევნო წელს და შესაბამისად მიმდინარე წელს გამოყოფილი თანხა მცირდება 33,0 მლნ ლარით;ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობის პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი საავანსო თანხა შეადგენს 18,6 მლნ ლარს, შესაბამისად პროექტის თანხა მცირდება 16,0 მლნ ლარით;სხვა დანარჩენი პროგრამების ფარგლებში ჯამური შემცირება შეადგენს 2,3 მლნ ლარს.საბიუჯეტო სახსრების ნაწილში დამატებითი თანხები გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულებებით:

ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის გადასაცემად სამინისტროს გამოეყოფა 180,0 მლნ ლარი. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, კორპორაცია გასული წლების განმავლობაში მუდმივად აფინანსებს მოსახლეობის მომარაგების მიზნით შესყიდულ და გაყიდულ ბუნებრივი აირის ფასებს შორის სხვაობას. აღნიშნული მაჩვენებლები, როგორც კვაზი-ფისკალური ხარჯი და შესაბამისად კომპანიის მიუღებელი შემოსავალი ასახულია ყოველწლიურად ბიუჯეტზე თანდართულ ფისკალური რისკების დოკუმენტში. წლების განმავლობაში ზემოაღნიშნული ხარჯიდან გამომდინარე კომპანიას არ აქვს სათანადო რესურსი მომდევნო წლის გაზაფხულზე სრულად დააფინანსოს ე.წ. ოფციური გაზის შესყიდვა, რომელიც წლის განმავლობაში უნდა განაწილდეს ბუნებრივი აირის მომხმარებლებზე. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალა სუბსიდიის სახით კომპანიას გამოეყოს 80,0 მლნ ლარი, ხოლო დროებითი ფინანსური დახმარების სახით 100,0 მლნ ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს დაუბრუნდება მომდევნო წლის ბოლოს;მთის კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მომდევნო წელს დაგეგმილი სამუშაოების დასაფინანსებლად გამოიყოფა 82,1 მლნ ლარი. ამასთან, ამავე მიზნებისთვის გათვალისწინებული თანხა 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში მცირდება 22,1 მლნ ლარით;ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობის დასაფინანსებლად გამოიყოფა 60,0 მლნ ლარი, რისი გათვალისწინებითაც ამავე პროგრამის დაფინანსება 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახული აღარ არის;მომდევნო წელს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში საჭირო თანამონაწილეობის ხარჯების დასაფინანსებლად სახელმწიფო ელექტროსისტემას გამოეყოფა 34,0 მლნ ლარი, რისი გათვალისწინებითაც შესაბამისი თანხები შემცირებულია 2027 წლის გადამუშავებულ ვარიანტში;ანაკლიის პორტის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობის გაგრძელების მიზნით გამოიყოფა 125,0 მლნ ლარი და შესაბამისად ამავე პროგრამის დაფინანსება 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახული აღარ არის;სახელმწიფო ქონების მართვის კონტროლს ქვეშ არსებული საწარმოების 2026-2027 წლებში არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების დაფინანსების მიზნით გამოიყოფა 69,0 მლნ ლარი (მათ შორის 9,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დასაფინანსებლად);საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების დასაფინანსებლად, გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის გადასაცემად სამინისტროს გამოეყოფა 55,0 მლნ ლარი, რისი გათვალისწინებითაც 2027 წლის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამა გათვალისწინებული აღარ არის;რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 45,2 მლნ ლარით და განისაზღვრება 3 158,9 მლნ ლარის ოდენობით. პროექტის მიხედვით ცვლილებები წარმოდგენილია შემდეგ პროგრამებში:

საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება ჯამურად იზრდება 21,0 მლნ ლარით და შეადგენს 1 559,8 მლნ ლარს. როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, ზრდა ძირითადად დაკავშირებულია შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების დაფინანსებასთან. ამასთან, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროექტებს შორის თანხების გადანაწილება;რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები, წლის ბოლომდე მოსალოდნელი ათვისების გათვალისწინებით მცირდება 14,0 მლნ ლარით;წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება 505,0 მლნ ლარით. დამატებული თანხების ფარგლებში სამუშაოები განხორციელდება 2027 წლის განმავლობაში. ამასთან, ამავე პროგრამის დაფინანსება მომდევნო წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში შემცირებულია 80,0 მლნ ლარით;ამასთან, მიმდინარე წლის ბოლომდე მოსალოდნელი ათვისების გათვალისწინებით, სამინისტროსთვის დამტკიცებული ასიგნებების ნაწილში: - საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები მცირდება 238,5 მლნ ლარით; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილი ასიგნებები მცირდება 114,0 მლნ ლარით; სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება მცირდება 114,3 მლნ ლარით;

იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება მცირდება 13,0 მლნ ლარით, რაც წარმოადგენს არბიტრაჟებში, უცხო ქვეყნის სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში წარმოქმნილ ეკონომიას.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსება 4,5 მლნ ლარით იზრდება;

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაფინანსება იზრდება 2,0 მლნ ლარით;

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ფარგლებში:

საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გამოყოფილი ასიგნებები, სავალუტო კურსის გამყარებით წარმოქმნილი ეკონომიის გათვალისწინებით მცირდება 237,0 მლნ ლარის ოდენობით;მუნიციპალიტეტებში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის დანერგვის ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული თანხა მცირდება 15,0 მლნ ლარით. აღნიშნული თანხა ემატება მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ სპეციალურ ტრანსფერებს, რითაც რიგი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში არსებული დეფიციტები დაფინანსდება.მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში ასევე აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა ნაერთ ბიუჯეტში 320,0 მლნ ლარით იზრდება, რისი 20%-იც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალურ ბიუჯეტებში მიიმართება. აღნიშნულის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტების დღგ-ს საპროგნოზო შემოსავალი თანხა ჯამში 60,0 მლნ ლარით იზრდება.