მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველები საპროტესტო აქციას მართავენ - Palitra News

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველები საპროტესტო აქციას მართავენ

2026-11-08 19:38:00+04:00

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებისა და მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა უსახლკარო ძაღლებთან მიმართებით შესაძლო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების აღკვეთა და სავარაუდო სამართალდამრღვევთა დასჯა.

ცხოველთა უფლებადამცველი აქტივისტების საპროტესტო აქციები მოჰყვა 31 ოქტომბერს, სოციალურ ქსელებში და მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალებს, რომელშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. ცხოველთა უფლებადამცველები მოითხოვდნენ ნეშტების ექსპერტიზას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები. თბილისის მერიამ სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცხოველთა სამარხების შესახებ. უწყების განმარტებით, ფაქტების დამახინჯებაა, ,,თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს”.

ამასთან, თბილისის მერიამ კიდევ ერთ განცხადებაში განაცხადა, რომ ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით და მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება.