რუსეთი სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური დარტყმებით ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამეს, რუსულმა ძალებმა კიევისა და მიმდებარე რეგიონების მიმართულებით 172 დრონი და 36 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
„დედაქალაქი ელექტროენერგიის, წყლისა და თბომომარაგების მხრივ სერიოზული პრობლემების წინაშეა. კიევის ოლქში დარტყმა განხორციელდა ქვესადგურზე, რომელიც რივნესა და ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურებს კიევთან და უკრაინის ცენტრალურ რეგიონებთან აკავშირებს. ასევე, ქვესადგურები დაზიანდა ვინიცის, ჟიტომირის, რივნეს, ხარკოვისა და დნიპროს ოლქებში“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, იმედოვნებს, რომ აშშ-დან ორმხრივი მხარდაჭერა გაიზრდება.
„ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინას მეტ ყურადღებას დაუთმობს, რადგან რუსეთი თავდასხმების რაოდენობას ზრდის. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის დარჩეს. ვიმედოვნებთ, რომ ორივე პარტია ერთიანი იქნება უსაფრთხოების, უკრაინის მხარდაჭერის, რუსული აგრესიის დაგმობისა და პუტინის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების საკითხების ირგვლივ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.