რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.
„პარტია „დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფიბიურ პოზიციებს გამოხატავენ და მიზნად საქართველოს მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას ისახავენ. ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას, ითხოვენ სავიზო რეჟიმის აღდგენასა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტას. ისინი თვლიან, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი“, - აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური.
ასევე, რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, „პარტია „დროას“ ლიდერი საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესისგან სახელმწიფოს იზოლირების მცდელობებში ადანაშაულებს“.
„ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის რეჟიმს, საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ ჩართვის მოწოდებით გამოდის“, - ნათქვამია განცხადებაში.