ირაკლი კობახიძე - „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმება არ გამოვა - ამ კანონს ჰქონდა კონკრეტული შედეგი და ესაა ის, რომ თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა - Palitra News

ირაკლი კობახიძე - „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმება არ გამოვა - ამ კანონს ჰქონდა კონკრეტული შედეგი და ესაა ის, რომ თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა

2026-11-05 12:47:49+04:00

უხეშად უნდათ, რომ ჩვენ გავაუქმოთ ეს კანონი [„უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი], ასე არ გამოვა, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომ „თუ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც ევროპულია - არა ამერიკული, რუსული, ჩინური ან ნებისმიერი სხვა“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ზუსტად გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი.

„თქვენ ხედავთ, ანალოგიურ კანონებს იღებენ ევროპის არაერთ ქვეყანაში. საქმე ეხება იმას, რომ უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინონ დეკლარაციები კონკრეტულ უწყებაში. ამაზე მეტად არ შეიძლება რამე იყოს. აქაც ვერ შემოდიან ვერავითარ დისკუსიაში. უბრალოდ, უხეშად უნდათ, რომ ჩვენ გავაუქმოთ ეს კანონი. ასე არ გამოვა. ამ კანონს ჰქონდა კონკრეტული ეფექტი, შედეგი და შედეგი არის ის, რომ თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა ჩვენ ქვეყანაში. ეს არ მოსწონთ, უცხოური აგენტურის განეიტრალება არ მოსწონთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.