ალექსანდრე მაკედონელი - ლიდერი, რომელსაც მთელი მსოფლიოს დაპყრობა სურდა
ძვ. წ. 323 წელი. ბაბილონი. ზაფხულის დასაწყისი.
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი იმპერიის მბრძანებელი სასიკვდილო სარეცელზე წევს. სულ რაღაც 32 წლისაა. მისი სახელი ათწლეულების განმავლობაში ერთდროულად შიშსა და აღტაცებას იწვევდა - ქალაქები მას კარიბჭეებს უღებდნენ, მეფეები ტახტებს კარგავდნენ, ხოლო არმიები, რომლებიც მის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ხშირად ბრძოლის ველიდან გარბოდნენ.
ის ფეხზე ვეღარ დგება. მაღალი სიცხე აქვს. მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მის გარშემო შეკრებილ გენერლებსა და თანამებრძოლებს არ სჯერათ, რომ ადამიანი, რომელმაც ნახევარი მსოფლიო დაიპყრო, შესაძლოა ასე ახალგაზრდა გარდაიცვალოს.
ეს კაცი ალექსანდრე III მაკედონელია! ადამიანი, რომელსაც ისტორიამ "ალექსანდრე დიდი" უწოდა.
მისი სიკვდილის შესახებ ბევრნაირი ლეგენდა გავრცელდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გადმოცემის თანახმად, როდესაც გენერლებმა ჰკითხეს, ვის უტოვებდა იმპერიას, ალექსანდრე მაკედონელმა თქვა: „ყველაზე ძლიერს“.
მისი სიკვდილით დასრულდა ერთი ადამიანის ცხოვრება, მაგრამ დაიწყო ბრძოლა იმპერიისთვის, რომლის შექმნასაც მთელი სიცოცხლე შეალია.
როგორ იქცა მაკედონიის ახალგაზრდა უფლისწული მსოფლიოს უდიდეს დამპყრობელ იმპერატორად? რატომ ვერ შეძლო ალექსანდრე მაკედონელმა იმპერიის შენარჩუნება, რომელიც ასე სწრაფად დაიპყრო?
ეს არის ამბავი ლიდერის შესახებ, რომელმაც მსოფლიოს საზღვრები გააფართოვა, მაგრამ საკუთარი ამბიციები საზღვრებში ვერ მოაქცია.
***
ძვ. წ. 356 წელი. პელა - მაკედონიის სამეფოს დედაქალაქი.
ალექსანდრე სამეფო ოჯახში დაიბადა. მამა, ფილიპე II, მაკედონიის მეფე იყო - ძლიერი პოლიტიკოსი და სამხედრო რეფორმატორი, რომელმაც პატარა სამეფო ბალკანეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ აქცია.
ფილიპე მხოლოდ ტერიტორიების დაპყრობას არ ცდილობდა. მან საფუძვლიანად შეცვალა მაკედონიის არმია. გააძლიერა ქვეითი ჯარი, განავითარა სამხედრო ორგანიზაცია და ფართოდ დანერგა გრძელი შუბებით - სარისებით შეიარაღებული ფალანგის გამოყენება. ეს წყობა მაკედონელებს საშუალებას აძლევდა, მტრისთვის ძლიერი და რთულად გასარღვევი საბრძოლო კედელი შეექმნათ.
ფილიპემ შექმნა სამხედრო ძალა, რომელსაც მოგვიანებით მისი შვილი თითქმის მთელ მსოფლიოში წაიყვანდა.
ალექსანდრეს დედა, ოლიმპიადა, ეპიროსის სამეფო ოჯახიდან იყო. ანტიკური ავტორები მას განსაკუთრებული რელიგიური რიტუალებითა და მისტიკური წარმოდგენებით ახასიათებდნენ. მოგვიანებით გავრცელდა ისტორიები, თითქოს ოლიმპიადა შვილს ეუბნებოდა, რომ მისი ნამდვილი მამა ზევსი იყო და არა ფილიპე.
ალექსანდრეს ღვთაებრივი წარმომავლობის იდეა მისი ცხოვრების განმავლობაში სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. თუმცა, რთულია ზუსტად განვსაზღვროთ, რამდენად სჯეროდა მას საკუთარი ღვთაებრიობის და რამდენად იყენებდა ამ წარმოდგენას პოლიტიკური ძალაუფლების გასამყარებლად.
ალექსანდრე მაკედონელის ბავშვობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორია ბუკეფალს უკავშირდება.
ერთ დღეს ფილიპესთან უჩვეულოდ ძლიერი და დაუმორჩილებელი ცხენი მიიყვანეს. ვერავინ ახერხებდა მის მოთვინიერებას. ცხენი ყველა მხედარს ძირს აგდებდა და აგრესიულად იქცეოდა.
მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ალექსანდრემ შენიშნა ის, რაც სხვებს გამორჩათ: ცხენს საკუთარი ჩრდილის ეშინოდა. მან ცხოველი მზისკენ შეაბრუნა, დაამშვიდა და ზურგზე მოახტა.
ფილიპე აღფრთოვანებული დარჩა. პლუტარქეს გადმოცემით, მან შვილს უთხრა, რომ მაკედონია მისთვის მეტისმეტად პატარა იყო და უფრო დიდი სამეფო უნდა მოეძებნა.
ბუკეფალი ალექსანდრეს ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თანამგზავრად იქცა. ცხენი მას მრავალ ლაშქრობაში თან ახლდა და მოგვიანებით, ინდოეთში, მდინარე ჰიდასპის ბრძოლასთან დაიღუპა. ალექსანდრემ ცხენის პატივსაცემად ქალაქი დააარსა და მას ბუკეფალია უწოდა.
ალექსანდრეს განათლებაზე პასუხისმგებლობა ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნეს - არისტოტელეს დაეკისრა.
ძვ. წ. დაახლოებით 343 წელს, ფილიპემ არისტოტელე მიიწვია, რათა შვილს განათლებაში დახმარებოდა. სწავლება მიეზაში, სპეციალურად მოწყობილ გარემოში მიმდინარეობდა. ალექსანდრე ეცნობოდა ფილოსოფიას, პოლიტიკას, ბუნებისმეტყველებას, მედიცინასა და ლიტერატურას.
მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჰომეროსის „ილიადას“. ალექსანდრე საკუთარ თავს ხშირად ადარებდა აქილევსს -— გმირს, რომლის დიდებაც საუკუნეებს გადაურჩა. გადმოცემის მიხედვით, მას „ილიადის“ ეგზემპლარი სამხედრო ლაშქრობებშიც თან დაჰქონდა.
აქილევსის მსგავსად, ალექსანდრესაც სურდა, ისეთი სახელი დაეტოვებინა, რომელსაც სიკვდილი ვერ წაშლიდა.
მაგრამ მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი ჯერ კიდევ წინ იყო.
ძვ. წ. 336 წელს, მაკედონიის მეფე ფილიპე II საკუთარი დაცვის წევრმა, პავსანიამ მოკლა. მკვლელობის ზუსტი მოტივი და შესაძლო თანამონაწილეების საკითხი დღემდე ისტორიკოსთა განხილვის საგანია.
ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისი 20 წლის ვაჟი ავიდა.
ალექსანდრემ ძალაუფლება სწრაფად განიმტკიცა. მან მეტოქეები ჩამოიშორა და სამეფო არმიის მხარდაჭერა მოიპოვა. თუმცა მისი მეფობის დასაწყისი მშვიდობიანი არ ყოფილა.
საბერძნეთის ქალაქებმა, რომლებიც ფილიპეს მმართველობის დროს მაკედონიის გავლენის ქვეშ მოექცნენ, ახალი მეფის წინააღმდეგ აჯანყება სცადეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თებეს აჯანყება.
ალექსანდრემ ქალაქი აიღო და თითქმის მთლიანად გაანადგურა. მოსახლეობის დიდი ნაწილი მონებად გაყიდეს, ხოლო შენობების უმრავლესობა დაანგრიეს. გამონაკლისი ზოგიერთი რელიგიური და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობა იყო.
ეს იყო სასტიკი გაფრთხილება დანარჩენი საბერძნეთისთვის: ახალი მეფე მზად იყო, ძალაუფლება დაუნდობლად დაეცვა.
ახლა მას თავისუფალი გზა ჰქონდა აღმოსავლეთისკენ - სპარსეთის იმპერიისკენ.
ძვ. წ. 334 წელი.
ალექსანდრე მაკედონელმა ჰელესპონტი, დღევანდელი დარდანელის სრუტე, გადალახა და აზიაში გადავიდა.
ალქსანდრეს მთავარი მიზანი სპარსეთის იმპერიის დამარცხება იყო - იმ სახელმწიფოსი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთისა და აზიის დიდ ნაწილს აკონტროლებდა.
პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება გრანიკოსის ბრძოლაში მოიპოვა. ამ წარმატებამ მცირე აზიის ბერძნული ქალაქების დიდი ნაწილი სპარსული მმართველობისგან გაათავისუფლა ან ალექსანდრეს გავლენის ქვეშ მოაქცია.
შემდეგ იგი გორდიონში ჩავიდა. სადაც ინახებოდა ცნობილი გორდიას კვანძი - რთულად შეკრული კვანძი, რომლის გახსნასაც, ლეგენდის თანახმად, აზიის მმართველობას უკავშირებდნენ.
ალექსანდრემ კვანძის გახსნა სცადა, თუმცა გადმოცემის მიხედვით, საბოლოოდ მახვილი გამოიყენა და გაჭრა.
ეს ამბავი მოგვიანებით მისი ხასიათის სიმბოლოდ იქცა: როდესაც დაბრკოლების ჩვეულებრივი გზით გადალახვა შეუძლებელი ჩანდა, ალექსანდრე პრობლემის გადაჭრის სრულიად განსხვავებულ გზას ეძებდა.
მაგრამ სპარსეთის მეფესთან მთავარი დაპირისპირება ჯერ კიდევ წინ იყო.
ძვ. წ. 333 წელს ისოსის ბრძოლაში ალექსანდრე სპარსეთის მეფე დარიოს III-ს პირისპირ შეხვდა.
დარიოსს გაცილებით დიდი არმია ჰყავდა, თუმცა ბრძოლის ველის გეოგრაფიული პირობები მის უპირატესობას ამცირებდა. ალექსანდრე კავალერიის გადამწყვეტი შეტევით სპარსელთა ცენტრისკენ გაიჭრა. დარიოსი ბრძოლის ველიდან გაიქცა.
სპარსელთა ბანაკში დარჩა მეფის ოჯახი : დედა, ცოლი და შვილები. ალექსანდრემ მათ სამეფო სტატუსი შეუნარჩუნა და პატივისცემით მოეპყრო.
ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პირადი კეთილშობილების გამოვლინება არ ყოფილა. დამარცხებული მეფის ოჯახისადმი ღირსეული მოპყრობა ალექსანდრეს საშუალებას აძლევდა, საკუთარი თავი არა უბრალოდ დამპყრობლად, არამედ ახალი იმპერიის კანონიერ მმართველად წარმოეჩინა.
ამის შემდეგ ალექსანდრემ ტიროსისკენ აიღო გეზი.
ტიროსი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ძლიერი სავაჭრო ქალაქი იყო. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი კუნძულზე მდებარეობდა, რაც მას ბუნებრივ თავდაცვას ანიჭებდა.
ქალაქის აღება უკიდურესად რთული აღმოჩნდა. ალექსანდრეს არმიამ დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში აწარმოა ალყა. მაკედონელებმა სანაპიროდან კუნძულამდე ხელოვნური ჯებირი ააშენეს, გამოიყენეს ალყის კოშკები და საზღვაო ძალები.
საბოლოოდ ქალაქი დაეცა. ალყას დიდი მსხვერპლი მოჰყვა: მოსახლეობის ნაწილი მოკლეს, ათასობით ადამიანი კი მონებად გაყიდეს.
ტიროსის აღებით ალექსანდრემ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სპარსეთის გავლენა მნიშვნელოვნად შეასუსტა.
ამ გამარჯვების შემდეგ, მისი სამიზნე ეგვიპტე გახდა.
ეგვიპტეში ალექსანდრე სპარსელთა მმართველობისგან განმათავისუფლებლად მიიღეს. ის მემფისში ჩავიდა, მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ რელიგიურ რიტუალებში და ფარაონის ტიტულიც მიიღო.
ლიბიის უდაბნოში, სივას ოაზისში, ამონ-რას ორაკულს ეწვია. ანტიკური ავტორების ცნობით, ქურუმებმა მას ღვთაებრივი წარმომავლობა დაუდასტურეს.
ეგვიპტეში ალექსანდრემ დააარსა ქალაქი, რომელსაც საკუთარი სახელი უწოდა - ალექსანდრია.
მოგვიანებით ეს ქალაქი ანტიკური სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა. მისი ბიბლიოთეკა და მუზეუმი მეცნიერებისა და განათლების ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩა.
მაგრამ ალექსანდრესთვის მთავარი მიზანი ჯერ კიდევ მიღწეული არ იყო. სპარსეთის იმპერია საბოლოოდ უნდა დამარცხებულიყო.
***
ძვ. წ. 331 წელი. გარგამელა.
დარიოს III-მ კიდევ ერთხელ შეკრიბა დიდი არმია. ამჯერად ბრძოლის ველი ფართო და გაშლილი იყო, რაც სპარსელებს საბრძოლო ეტლებისა და კავალერიის გამოყენების შესაძლებლობას აძლევდა.
ალექსანდრემ ბრძოლის დაწყებამდე საკუთარი ძალები ისე განალაგა, რომ მოწინააღმდეგის რიცხობრივ უპირატესობას მაქსიმალურად შეეზღუდა მოქმედება.
მისი ტაქტიკა დისციპლინასა და ზუსტ კოორდინაციაზე იყო აგებული. მაკედონური ფალანგა მოწინააღმდეგეს ცენტრში აკავებდა, ხოლო კავალერია საჭირო მომენტში გადამწყვეტ შეტევას ახორციელებდა.
ბრძოლის დროს სპარსელთა ხაზში ნაპრალი გაჩნდა. ალექსანდრემ ეს შესაძლებლობა გამოიყენა და თავისი მხედრებით პირდაპირ დარიოსის მიმართულებით დაიძრა.
სპარსეთის მეფემ ბრძოლის ველი კვლავ დატოვა.
გარგამელას გამარჯვებამ სპარსეთის იმპერიის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა. ალექსანდრემ დაიკავა ბაბილონი, სუზა და სპარსეთის სხვა უმნიშვნელოვანესი ქალაქები.
ახლა იგი არა მხოლოდ მაკედონიის მეფე, არამედ სპარსეთის უზარმაზარი ტერიტორიების მმართველიც იყო.
თუმცა იმპერიის დაპყრობა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. გაცილებით რთული იყო მისი მართვა.
სპარსეთის სამეფო ცენტრში, პერსეპოლისში, ალექსანდრეს ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გადაწყვეტილება უნდა მიეღო.
ძვ. წ. 330 წელს ქალაქში გამართული ნადიმის დროს, ანტიკური ავტორების გადმოცემით, ათენელმა თაისმა ალექსანდრესა და მის თანამეინახეებს სპარსეთის სასახლის დაწვისკენ მოუწოდა. ამით მათ თითქოს შური უნდა ეძიათ ათენის გადაწვისთვის, რომელიც სპარსელებმა ძვ. წ. 480 წელს, ქსერქსეს ლაშქრობის დროს გაანადგურეს.
ალექსანდრემ სასახლეს ცეცხლი წაუკიდა.
ისტორიკოსები დღემდე კამათობენ, იყო თუ არა ეს წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური აქტი, სპონტანური გადაწყვეტილება თუ ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი საქციელი. მოგვიანებით თავად ალექსანდრემ, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება ინანა.
პერსეპოლისის დაწვა სიმბოლური მოვლენა იყო: მაკედონიის მეფემ გაანადგურა იმ იმპერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასახლე, რომლის ტახტზეც თავად აპირებდა დაჯდომას.
ამ დროიდან ალექსანდრეს პოლიტიკა თანდათან შეიცვალა.
მას სურდა, მაკედონელები და სპარსელები ერთიან იმპერიაში გაეერთიანებინა. რისთვისაც სპარსული სამეფო ტანსაცმლის ზოგიერთი ელემენტი მიიღო, სპარსელი დიდებულები სახელმწიფო მართვაში ჩართო და ადგილობრივი ტრადიციების გათვალისწინება დაიწყო.
ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი საკითხი პროსკინესისის შემოღება იყო.
ეს იყო მმართველის წინაშე რიტუალური თაყვანისცემის ფორმა, რომელიც სპარსულ სამეფო კარზე არსებობდა. სპარსელებისთვის ეს მეფის პატივისცემის ტრადიციული გამოხატულება იყო, მაგრამ მაკედონელი და ბერძენი დიდებულებისთვის მეფის წინაშე მუხლებზე დაცემა თავისუფალი მოქალაქის ღირსებას ეწინააღმდეგებოდა.ამას დიდი წინაღდეგობა მოჰყვა
ძვ. წ. 330 წელს ალექსანდრემ შეთქმულებაში ეჭვმიტანილი ფილოტა სიკვდილით დასაჯა. ფილოტა მისი გავლენიანი მხედართმთავრის, პარმენიონის შვილი იყო.
პარმენიონი ალექსანდრეს მამის დროიდან ემსახურებოდა სამეფო ოჯახს და აღმოსავლეთის ლაშქრობის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გენერალი იყო. ალექსანდრემ ჩათვალა, რომ ფილოტას დასჯის შემდეგ მამამისიც საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომ ეკბატანაში მყოფი პარმენიონი მოაკვლევინა.
ფილოტასა და პარმენიონის საქმე დღემდე კამათის საგანია. უცნობია, არსებობდა თუ არა რეალური შეთქმულება
***
მომდევნო მძიმე შემთხვევა კლიტოს შავის მკვლელობა გახდა.
კლიტოსი ალექსანდრეს ძველი თანამებრძოლი იყო. გრანიკოსის ბრძოლაში, გადმოცემის თანახმად, მან მეფეს სიცოცხლე შეუნარჩუნა.
ძვ. წ. 328 წელს, მარაკანდაში გამართულ ნადიმზე, ალექსანდრესა და კლიტოსს შორის მწვავე კამათი დაიწყო. კლიტოსი მეფეს სპარსული წეს-ჩვეულებების მიღებასა და მამის , ფილიპეს დამსახურებების უგულებელყოფაში ადანაშაულებდა.
კამათი გამწვავდა. ალექსანდრე განრისხდა, შუბი აიღო და კლიტოსს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
როდესაც გონს მოეგო და მიხვდა, რა ჩაიდინა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ანტიკური წყაროები აღწერენ მის ღრმა მწუხარებასა და სინანულს.
ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს ალექსანდრეს წინააღმდეგობრივ ბუნებას: იუს იყო გამორჩეული სამხედრო ლიდერი და ადამიანი, რომელსაც ზოგჯერ ბრაზისა და ძალაუფლების კონტროლი უჭირდა.
***
ძვ. წ. 327 წელს ალექსანდრე ინდოეთისკენ დაიძრა.
მისი არმია წლების განმავლობაში თითქმის უწყვეტ ომებში მონაწილეობდა. ჯარისკაცებს გადატანილი ჰქონდათ მძიმე ბრძოლები, ხანგრძლივი ლაშქრობები, დაავადებები და რთული კლიმატური პირობები.
მაგრამ ალექსანდრესთვის გაჩერება მარცხს ნიშნავდა.
ძვ. წ. 326 წელს, მდინარე ჰიდასპთან, ის ინდოეთის მეფე პორუსს დაუპირისპირდა.
პორუსის არმიაში საბრძოლო სპილოები მონაწილეობდნენ. ცხოველები, რომლებიც მაკედონელებს მანამდე ასეთი მასშტაბით არ ენახათ. სპილოები ცხენებს აშინებდნენ, ქვეითთა რიგებს არღვევდნენ და ბრძოლის ველზე ქაოსს ქმნიდნენ.
მდინარის გადაკვეთა და მოწინააღმდეგის მოულოდნელად შეტევა ალექსანდრესთვის მნიშვნელოვანი ტაქტიკური გამოწვევა იყო. მან ძალების ნაწილი მდინარის სხვა მონაკვეთზე გადაიყვანა და პორუსს მოულოდნელად შეუტია.
ბრძოლა მძიმე აღმოჩნდა ორივე მხარისთვის. საბოლოოდ ალექსანდრემ გაიმარჯვა, თუმცა პორუსის სიმამაცითა და სამხედრო ღირსებით აღფრთოვანებული დარჩა.
გადმოცემის მიხედვით, როდესაც ალექსანდრემ ჰკითხა, როგორ სურდა მოპყრობოდნენ, პორუსმა უპასუხა: „როგორც მეფეს“.
ალექსანდრემ მას სამეფო ძალაუფლება შეუნარჩუნა და საკუთარ მოკავშირედ აქცია.
მაგრამ ჰიდასპის ბრძოლამ მაკედონელთა არმია კიდევ უფრო გამოფიტა. ამ პერიოდში დაიღუპა ბუკეფალიც - ცხენი, რომელიც ალექსანდრეს ბავშვობიდან არ შრდებოდა.
***
მაკედონელის შემდეგი სამიზნე აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიები იყო. მაგრამ როდესაც არმია მდინარე ჰიფასისს, დღევანდელ ბიასს, მიადგა, ჯარისკაცებმა უარი თქვეს გზის გაგრძელებაზე.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ალექსანდრეს სამხედრო კარიერაში.
მისმა მეომრებმა წლების განმავლობაში იბრძოლეს მის გვერდით. გადალახეს მთები, უდაბნოები და მდინარეები, დაამარცხეს სპარსეთის არმია და ინდოეთის ძლიერ მმართველებსაც დაუპირისპირდნენ.
ახლა კი უბრალოდ აღარ სურდათ ბრძოლა.
ჯარისკაცებს წინ კიდევ უფრო დიდი სახელმწიფოები და ახალი არმიები ელოდათ. მათ შესახებ ცნობები ვრცელდებოდა, რომ აღმოსავლეთში უამრავი სპილო და უზარმაზარი სამხედრო ძალა იყო თავმოყრილი.
ალექსანდრე ცდილობდა, ჯარი დაერწმუნებინა, მაგრამ ამაოდ.
ანტიკური წყაროების თანახმად, ის რამდენიმე დღე ელოდა, რომ მეომრები გადაწყვეტილებას შეცვლიდნენ. თუმცა ჯარის განწყობა უცვლელი დარჩა.
საბოლოოდ ალექსანდრე იძულებული გახდა, მათთვის უკან დაბრუნება ებრძანებინა.
ეს მისი პირველი დიდი შეჩერება იყო არა მტრის მიერ დამარცხების, არამედ საკუთარი ჯარის უარის გამო.
***
უკან დაბრუნების გზა სისხლიანი აღმოჩნდა.
მალების წინააღმდეგ ლაშქრობის დროს ალექსანდრე ქალაქის გალავანში პირველი გადავიდა. ის მტრის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და მკერდში ისარი მოხვდა. ჭრილობა იმდენად მძიმე იყო, რომ მის მეომრებს ეგონათ, მეფე დაიღუპა. მაგრამ ალექსანდრე გადარჩა, თუმცა გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდა.
***
არმიამ გედროზიის უდაბნოს გავლა გადაწყვიტა - ტერიტორისს, რომელიც დღევანდელი ირანისა და პაკისტანის ნაწილებს მოიცავს.
ეს ლაშქრობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მონაკვეთი აღმოჩნდა. წყლისა და საკვების ნაკლებობამ, სიცხემ და რთულმა რელიეფმა ჯარისკაცებს უდიდესი ზიანი მიაყენა.
ანტიკური ავტორები ამ გზაზე უზარმაზარ მსხვერპლს აღწერენ, თუმცა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.
მიუხედავად ამ სიძნელეებისა, გედროზიის ლაშქრობა ალექსანდრეს სამხედრო კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებად რჩება.
***
ძვ. წ. 324 წელი.
ეკბატანაში გარდაიცვალა ჰეფესტიონი - ალექსანდრეს უახლოესი მეგობარი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხედართმთავარი.
მათი ურთიერთობა ბავშვობიდან დაიწყო. ჰეფესტიონი ალექსანდრეს გვერდით იყო თითქმის ყველა მნიშვნელოვან ლაშქრობაში. ანტიკური ავტორები მათ განსაკუთრებულ სიახლოვეს აღწერენ. ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ მათი ურთიერთობა რომანტიკულიც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ამის ზუსტად დადგენა შეუძლებელია.
ჰეფესტიონის სიკვდილმა ალექსანდრე გაანადგურა.
მან გლოვა სახელმწიფო მასშტაბის მოვლენად აქცია. გრანდიოზული სამგლოვიარო ღონისძიებების გამართვა და მეგობრისთვის მონუმენტური სამარხის აგება ბრძანა. მისი ბრძანებით, ჰეფესტიონის მკურნალიც დასაჯეს.
ალექსანდრე გეგმავდა, ჰეფესტიონი გმირად და განსაკუთრებული პატივის ღირსად ეღიარებინათ. მაგრამ თავადაც სულ უფრო მეტად უახლოვდებოდა საკუთარ დასასრულს.
ძვ. წ. 323 წელს ის ბაბილონში დაბრუნდა.
მისი გეგმები ჯერ კიდევ გრანდიოზული იყო. მაკედონელი არაბეთის ნახევარკუნძულზე ახალი ლაშქრობის მომზადებას აპირებდა. ასევე განიხილავდა საზღვაო ექსპედიციებს და იმპერიის სავაჭრო გზების გაფართოებას.
დაპყრობილი ტერიტორიები საბოლოო მიზანი არ იყო. მას ახალი საზღვრების გადალახვა სურდა. მაგრამ ბაბილონში მისი ჯანმრთელობა მოულოდნელად გაუარესდა.
ანტიკური წყაროების თანახმად, მეგობრებთან გამართული ნადიმის შემდეგ ტემპერატურამ აუწია. მდგომარეობა მომდევნო დღეებში თანდათან დამძიმდა. ალექსანდრე მაკედონელი ვეღარ გადაადგილდებოდა და მალევე გარდაიცვალა.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელი ძვ. წ. 323 წელს, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მაგრამ რამ მოკლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მმართველი?
მისი გარდაცვალების მიზეზი დღემდე საბოლოოდ დადგენილი არ არის.
ერთ-ერთი ძველი ვერსია მოწამვლას უკავშირდება. ეჭვი მისმა ზოგიერთმა მემკვიდრემ და პოლიტიკურმა მოწინააღმდეგემ ანტიპატრესა და მის ვაჟებზე მიიტანა. თუმცა მოწამვლის დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულება არ არსებობს.
სხვა ვერსიები დაავადებებს უკავშირდება. მკვლევრები განიხილავენ მალარიას, მუცლის ტიფს, პანკრეატიტს, ინფექციურ დაავადებებსა და სხვა შესაძლო სამედიცინო მიზეზებს.
ერთ-ერთი თანამედროვე ჰიპოთეზა გიენ-ბარეს სინდრომს უკავშირდება - იშვიათ ნევროლოგიურ მდგომარეობას, რომელსაც სხეულის პროგრესული სისუსტე და დამბლა შეიძლება მოჰყვეს.
ამ თეორიის მომხრეები ყურადღებას ამახვილებენ ანტიკურ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც ალექსანდრეს სხეული გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში უჩვეულოდ კარგად იყო შენარჩუნებული. მათი ვარაუდით, შესაძლოა, ის პარალიზებული იყო და სიკვდილის ნიშნები არასწორად შეაფასეს.
თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა. ანტიკური წყაროების ცნობები არასრულია, ხოლო ალექსანდრეს სხეული თანამედროვე სამედიცინო გამოკვლევისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.
ალექსანდრეს სიკვდილმა იმპერია უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დააყენა.
მას არ დაუტოვებია ზრდასრული მემკვიდრე, რომელსაც დაუყოვნებლივ შეეძლო უზარმაზარი სახელმწიფოს მართვა. მისი ცოლი როქსანა ორსულად იყო, ხოლო ნახევარძმა, ფილიპე III, მმართველობისთვის სათანადოდ მომზადებული არ იყო.
გენერლებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო.
ალექსანდრეს სარდლები - დიადოქოსები , იმპერიის სხვადასხვა ნაწილზე კონტროლის დამყარებას ცდილობდნენ. მათ შორის იყვნენ პტოლემე, სელევკოსი, ანტიგონოსი და სხვა გავლენიანი სამხედრო მეთაურები.
დაიწყო ომების ხანგრძლივი პერიოდი. ყოფილი თანამებრძოლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ალიანსები იქმნებოდა და იშლებოდა, ხოლო უზარმაზარი იმპერია თანდათან ცალკეულ სამეფოებად დაიშალა.
როქსანა და მისი ვაჟი, ალექსანდრე IV, საბოლოოდ კასანდროს ბრძანებით მოკლეს. ამით ალექსანდრე მაკედონელის პირდაპირი მემკვიდრეობის ხაზი დასრულდა.
მის მიერ შექმნილი იმპერია აღარ არსებობდა როგორც ერთიანი სახელმწიფო.
მაკედონელის ლაშქრობების შედეგად ბერძნული ენა და კულტურა ახლო აღმოსავლეთსა და აზიის მრავალ რეგიონში გავრცელდა. დაარსდა ახალი ქალაქები, განვითარდა სავაჭრო გზები, გაძლიერდა კულტურული და ეკონომიკური კავშირები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
ამ პროცესს ისტორიკოსები ელინისტურ ეპოქას უწოდებენ.
ალექსანდრია ეგვიპტეში მეცნიერებისა და განათლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა. სელევკიდების სამეფო ახლო აღმოსავლეთის დიდ ნაწილს აკონტროლებდა, ხოლო პტოლემეების დინასტია ეგვიპტეში საუკუნეების განმავლობაში მმართველობდა.
ალექსანდრე ერთდროულად იყო ბრწყინვალე სამხედრო სტრატეგი და დაუნდობელი დამპყრობელი; განათლებული მმართველი და ფიცხი ლიდერი; ადამიანი, რომელსაც შეეძლო დამარცხებული მეფისთვის პატივის მიგება, თუმცა საკუთარი თანამებრძოლის მოკვლაც არ იყო მისთვის რთული.
მისი ცხოვრების მთავარი პარადოქსი სწორედ ეს იყო: მან შეძლო ისეთი იმპერიის შექმნა, რომელიც მანამდე არავის ენახა, მაგრამ ვერ შექმნა პოლიტიკური სისტემა, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ იარსებებდა.
და მაინც, მისი სახელი ისტორიიდან არ გამქრალა.
ალექსანდრე მაკედონელის ამბიცია, გამარჯვებები და შეცდომები დღემდე გვახსენებს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ადამიანი მაშინ, როდესაც საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებს აღარ აღიარებს.
ფილმი: Alexander (2004) ალექსანდრე მაკედონელი, 2004 წლის ფილმი.