ამერიკის კონგრესის არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგეს „დემოკრატებმა“, რომელთაც უპირატესობა მოიპოვეს ორივე პალატაში. ეს არის სასტიკი მარცხი „რესპუბლიკელებისთვის“, რომელთაც არ უშველა ელონ მასკის და სხვა სუპერ მდიდრების მიცემულმა დიდძალმა დაფინანსებამ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, ეს საარჩევნო შედეგი ძირითადად განპირობებულია ცხოვრების გაძვირებით და სოციალური უსამართლობის განცდით. მისივე განცხადებით, ეს საარჩევნო შედეგი რუსებს და პირადად პუტინს ძალიან ეწყინათ. სააკაშვილი ასევე წერს, რომ როდესაც ხალხში არსებობს მუხტი და სურვილი ის გარდაიქმნება მძლავრ ნაკადში, რომელსაც ვერანაირი ჯებირი ვერ შეაჩერებს.
„რა არის გაკვეთილი საქართველოსთვის? მთავარი არის ის, რომ როდესაც არსებობს ხალხში მუხტი და დიდი სურვილი, ის გარდაიქმნება მძლავრ ნაკადში, ნამდვილ სტიქიაში, რომელსაც ვერანაირი ჯებირი ვერ შეაჩერებს. ჭორვილელმა შეაკოწიწა ბევრი ჯებირი - დაგვატყვევა, ფულით იყიდა ბევრი, ფაქტობრივად გააუქმა პარტიები და არჩევნები, მაგრამ ხალხში არის ცვლილებების დიდი წყურვილი და წარმოქმნილია ტალღა და ყველას მოუწევს იმის აღიარება, რასაც ბევრი ისედაც ხედავს და გრძნობს, რომ ეს გარდაუვალი ტალღა უკავშირდება მათ, ვისიც „ქოცებს“ ყველაზე მეტად ეშინიათ, მიკავშირდება მე და ჩემს თანამებრძოლებს, ისეთებს როგორიცაა ლევან ხაბეიშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ანი წითლიძე და ბევრი ახალგაზრდა, უფრო სწორად იმ იდეას, რომელსაც ჩვენ განვასახიერებთ.
ეს არის იდეა ძლიერი ქართული სახელმწიფოსი და ეფექტური მმართველობის და ვერანაირი გისოსები და ჯებირები ჩვენ ვერ შეგვაჩერებს. მე უარს ვამბობ ვიყო რაიმე ვაჭრობის და გაცვლის ობიექტი. მე ვიქნები თავისუფალი არა რომელიმე სხვა ქვეყანაში, არამედ აქ, საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც შევძლებ თავისუფლად გადაადგილებას, ჩემს ხალხთან შეხვედრას და ერთად გამარჯვებას.
ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს და მოვიგებთ მას. ერთი კაცის ქვეყანას, ხელახლა ვაქცევთ მთელი ხალხის, ყველა მოქალაქის ქვეყნად, სადაც ადამიანებს ექნებათ კარგი შემოსავალი, ცხოვრების პერსპექტივა, ღირსეული სამსახური და უზრუნველყოფილი პენსია, დაუბრუნდებათ სიამაყის განცდა ჩვენს ქვეყანაზე. იქნებიან დაცული შიდა და გარე საფრთხეებისგან, კრიმინალისგან და კორუფციისგან. ხალხი დაბრუნდება ემიგრაციიდან.
რაც შეეხება შეუმდგარ დიქტატორს და მის უნიათო საგარეო პოლიტიკას, გახსოვთ ბოლო არჩევნების დროს როგორ გვატყუებდა ამერიკასთან მალე დავალაგებო? მან ვერაფერი დაალაგა ტრამპის ადმინისტრაციასთან, რომელიც ითხოვს ყველა პოლიტიკური ტყვის გათავისუფლებას და ირანის ბრუტალური ისლამისტური დიქტატურისგან ჩახსნას. ზუსტად ასევე ვერ დაალაგებს დემოკრატებთან, რომლებმაც მიარჭეს მას სანქციები წინა წლებში და განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მდგომარეობის მიმართ.
და ბოლოს, არავის არ ვურჩევ ტრამპის და „რესპუბლიკელების“ ჩამოწერას. ჯერ ერთი ტრამპი ამ არჩევნების შემდეგაც ინარჩუნებს სრულ კონტროლს საგარეო პოლიტიკაზე და მეორე - საპრეზიდენტო არჩევნებზე 2 წელიწადში „რესპუბლიკელებს“ ეყოლებათ ძლიერი კანდიდატი, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ „დემოკრატებს“ ჯერჯერობით გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავთ. „რესპუბლიკელებს“ ჰყავთ ჯეიდი ვენსი და გუშინდელი შედეგის შემდეგ გაძლიერდა მარკო რუბიოს პოზიციებიც და საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შანსი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.