ევროკომისიის ანგარიში იქნება კვლავ ყველაზე მძაფრი, თუ კიდევ უარესი არა იმიტომ, რომ ქვეყანაში კიდევ უკან გადაიდგა ნაბიჯი, რაც მოულოდნელი იყო ევროკომისიისთვის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ სტუმრობისას „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა.
ლაშა ტუღუშის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშში არ იქნება შესული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი, რადგან ანგარიში საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე დაიწერა.
„ხვალ ველოდებით ევროკომისიის ანგარიშს. ჩემი აზრით, იქნება მინიმუმ იდენტური იმისა, რაც იყო შარშან გამოქვეყნებული. ვფიქრობ, რომ გაიმეორებს იმ უპრეცედენტოდ კრიტიკულ შეფასებებს, რაც იყო შარშან. კომისარმა შარშან ბრძანა, რომ ეს არის ყველაზე კრიტიკული ანგარიში, რაც ოდესმე გამოქვეყნებული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შეფასებისას. მე ვფიქრობ, ახლა იქნება კვლავ ყველაზე მძაფრი, თუ კიდევ უარესი არა იმიტომ, რომ ქვეყანაში კიდევ უკან გადაიდგა ნაბიჯი, რაც მოულოდნელი იყო ევროკომისიისთვის.
აქ, ალბათ, არ იქნება შესული ის, რაც ძალიან დიდი წითელი ხაზია. ვგულისხმობ პარტიების აკრძალვის პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინაიდან ეს შეფასება უფრო ადრე დაიწერა, ვიდრე დაიწყო[პარტიების აკრძალვის პროცესი]. აქედან გამომდინარე, „სიამოვნება“ გველოდება მომავალში, კიდევ ერთი შეფასების დროს.
„ქართული ოცნება“ ყველაზე სკეპტიკურია ევროპის კონტინენტზე. სკეპტიკური მოსაზრებები ბევრი მაქვს მოსმენილი, მათ შორის ძალიან მარგინალური ადამიანებისგან ევროპელებისგან გაფართოების მიმართულებით, მაგრამ ასეთი სკეპტიციზმი, ასეთი მძაფრი დამოკიდებულებით გაფართოებისა და ევროპის მიმართ, უნიკალურები არიან“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.