ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და ქართული საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია.
„ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში. ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების" მთავრობამ დაამატა ეს პუნქტი საქართველოს კონსტიტუციაში, ეს ნორმა საქართველოს ამბიციაზე, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ქართული საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია და ამის გათვალისწინებით ჩვენ გავიმარჯვეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მთავარი ლოზუნგი ამ საპარლამენტო არჩევნებში იყო - ღირსებით ევროპისკენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ ქართულ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს „ქართული ოცნების" მიმართ, ქართველი ხალხის 51% მივიდა საარჩევნო უბნებზე.
„ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია. ქართულ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს „ქართული ოცნების" მიმართ. ქართველი ხალხის 51% მივიდა საარჩევნო უბნებზე და ჩვენ მოგვცა ხმა. ეს გარემოებები მოწმობს, რომ ქართული საზოგადოება ერთგულია ევროპული ინტეგრაციისადმი. ევროპული კომისიისადმი ნდობა არის დაბალი და ისინი ენდობიან „ქართულ ოცნებას". ბოლო არჩევნებში ჩვენ ხმა ამომრჩეველთა 54%-მა მოგვცა", - განაცხადა პრემიერმა.