მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს - Palitra News

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს

2026-11-01 20:02:02+04:00

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები უსახლკარო ძაღლებთან მიმართებით შესაძლო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების აღკვეთას და სავარაუდო სამართალდამრღვევთა დასჯას ითხოვენ.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თუ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება, საპროტესტო აქცია 8 ნოემბერსაც გაიმართება.

“სამწუხაროდ, დადასტურდა ის, რაზეც თვეების განმავლობაში აქ, აქციებზე ვსაუბრობდით, რომ აგრძელებენ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები მასობრივად, მიუსაფარი ძაღლების ხოცვა-ჟლეტას იმის ნაცვლად, რომ განახორციელონ მათი სტერილიზაცია-ვაქცინაცია და ამ ფორმით შეეცადონ მათი რიცხოვნობის შემცირებას. იმედია ახლა მაინც უფრო გააქტიურდება საზოგადოება, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით მრავალრიცხოვანი ბუნებრივია, ისინი არ გაჩერდებიან. რაც შეეხება გამოძიებას, არანაირი იმედი გამოძიების მე არა მაქვს. მოვითხოვ მონიტორინგის სამსახურის უფროსის არაგველის დაპატიმრებას. თუ არაფერი არ შეიცვალა ჩვენ მომავალ კვირას იგივე დროს შევიკრიბებით”, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველთა სამარხებზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებასა, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, „ტვ პირველმა“ გაავრცელა მასალა, რომელშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ცხოველთა უფლებადამცველები მოითხოვდნენ ნეშტების ექსპერტიზას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები. თბილისის მერიამ სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცხოველთა სამარხების შესახებ. უწყების განმარტებით, ფაქტების დამახინჯებაა, ,,თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს”