საკონსტიტუციო სასამართლოში ხმაური იყო - არჩილ გორდულაძემ ბერდია სიჭინავას მიმართა, მოსარჩელე მხარეს კი არა სასამართლოს ესაუბროს და „ზრდილობას მოუხმოს“, სიჭინავამ კი მას ქცევა დაუწუნა - მოსამართლემ ორივეს კორექტულობისკენ მოუწოდა - Palitra News

საკონსტიტუციო სასამართლოში ხმაური იყო - არჩილ გორდულაძემ ბერდია სიჭინავას მიმართა, მოსარჩელე მხარეს კი არა სასამართლოს ესაუბროს და „ზრდილობას მოუხმოს“, სიჭინავამ კი მას ქცევა დაუწუნა - მოსამართლემ ორივეს კორექტულობისკენ მოუწოდა

2026-10-30 15:27:35+04:00

ხმაური იყო საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. იმ დროს, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ბერდია სიჭინავა ახსნა

-განმარტების ეტაპზე იყო, მას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ მიმართა და მოუწოდა, ის არა მხარეს, არამედ, სასამართლოს ესაუბროს.

„ბატონო თავმჯდომარე, ძალიან გთხოვთ, უზრუნველყოთ, მხარემ ჩვენკენ მითითებებს თავი დაანებოს...მე თუ მომმართავთ, მიიღებთ პასუხს, ამიტომ ძალიან გთხოვთ, სასამართლოს მიმართეთ, მიუხედავად იმისა, რომ ტყუილებს ლაპარაკობთ“, - მიმართა გორდულაძემ სიჭინავას, რასაც თავის მხრივ, გახარიას პარტიის წარმომადგენელმაც უპასუხა.

„ბატონო არჩილ, თქვენ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით. ახლა მითხარით, ორგანული კანონის რომელი მუხლის საფუძველზე წამოხტით და მეჩრებით სიტყვაში? აი, მითხარით უბრალოდ“, - მიმართა ბერდია სიჭინავამ გორდულაძეს, რა დროსაც მას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დამშვიდებისკენ მოუწოდა.

„ზრდილობას მოუხმეთ ბატონო ბერდია, თავი დაიმშვიდეთ, თავი დაიწყნარეთ და კეთილი ინებეთ და სასამართლოს ელაპარაკეთ“, - მიმართა კვლავ გორდულაძემ სიჭინავას, რა დროსაც მას გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ქცევა დაუწუნა.

„ბატონო არჩილ, დაიმშვიდეთ ნერვები, ქალთან ქცევა თქვენ არ იცით, კაცთან და არც პარლამენტში“, - მიმართა ბერდია სიჭინავამ კვლავ გორდულაძეს.

აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე რამაზ ნადარაიამ მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

„ბატონო არჩილ, დამშვიდდით... ბატონო ბერდია, ბატონ არჩილს, როგორც მხარეს, ისევე, როგორც ნებისმიერ მხარეს, აქვს უფლება თავისი მოსაზრება პროტესტის სახით დააფიქსიროს. პირველ რიგში, მხარეს თუ რამის უფლება არ აქვს, არის ის, როგორც კი, რაღაც საუბარი წარმოიშობა ახსნა-განმარტების მიმცემსა და მხარეს შორის, ადგილიდან რომ არის საუბრები. ამის უფლება არ გაქვთ პირველ რიგში. ბატონი არჩილის შენიშვნა დიდად საფუძვლიანად მე ვერ ჩავთვალე, მაგრამ თქვენ პასუხის გაცემა არ მაცადეთ. „ნუ წამოხტებით“ და კიდევ იყო ერთი სიტყვა, იწერება ყველაფერი და ხალხიც უსმენს ამას, ეს უკვე კორექტულობის ფარგლებს გასცდა და ამ კუთხით გაძლევთ შენიშვნას, თორემ დანარჩენი გააგრძელეთ“, - მიმართა ნადარაიამ ბერდია სიჭინავას, რაზეც მან უთხრა, რომ განმარტებას გააკეთებდა.

„არა ნუ გააკეთებთ, მე მოგიწოდებთ კორექტულობისკენ“, -მიმართა მოსამართლე ნადარაიამ გახარიას პარტიის წარმომადგენელს.

„დავასრულებ, ხომ შევთანხმდით, რომ რეპლიკასაც ვიტყოდი, რას ეხებოდა [წამოხტომა]“, - განაცხადა სიჭინავამ, რაზეც მას მოსამართლემ უთხრა, რომ ეს „არ ამართლებს თუ რას ეხებოდა“.

„ბატონ არჩილს, უზრდელი რომ მიწოდა, აძლევთ შენიშვნას?“, - ჰკითხა სიჭინავამ მოსამართლეს.

„რა თქმა უნდა, თუ ეს მე გამომრჩა, ბატონო არჩილ, თქვენც მოგიწოდებთ კორექტულობისკენ! რა თქმა უნდა, ბატონ არჩილსაც [ვაძლევ შენიშვნას]“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ, რასაც თავის მხრივ, არჩილ გორდულაძემ რეპლიკით: „ვიღებ შენიშვნას, ფაქტი აღვნიშნე“, - უპასუხა.

„გააძევეთ, ბატონო მოსამართლე“, - მიმართა სიჭინავამ მოსამართლეს, რის შემდეგაც ნადარაიამ არჩილ გორდულაძეს კვლავ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ჩუმად იყო და იღებდა შენიშვნას“.

„ახსნა-განმარტება მსურს ისე დავასრულო, რომ შეურაცხყოფა არავის მივაყენო. ბატონო მოსამართლევ, მე 14 წელი სასამართლო დარბაზებში მაქვს გატარებული, როგორც პროკურორს, ადვოკატს, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელს, მოსარჩელესაც და მოპასუხესაც და აქ მე ქცევა არ მეშლება, მაგრამ ვიღაც უზრდელოთი რომ მომმართავს... მინდა მიცნობდეთ უბრალოდ, ეს არ არის ჩემი თვითმიზანი და ვერ იქნება უბრალოდ“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.