ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკულ კომპანიებს რუსული დიზელის მიღებისკენ უბიძგებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Washington Sun წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არასაჯაროდ მოუწოდებენ ამერიკულ კომპანიებს, მიიღონ რუსული დიზელი, რომელიც ამჟამად ატლანტიკის ოკეანეს კვეთს, გაფრთხილებების მიუხედავად, რომ ამან შეიძლება ისინი მნიშვნელოვანი
სამართლებრივი და რეპუტაციული რისკის ქვეშ დააყენოს.
წყაროების თქმით, ამერიკულ კომპანიებს არ სურთ რუსებისგან დიზელის ყიდვით თავიანთ თავზე რისკების აღება, ნაწილობრივ იმის გამო, რომ კონგრესის დემოკრატების განცხადებით, ტრამპის განკარგულება სანქციების შესახებ კანონს არღვევს.
„მოსკოვი და ვაშინგტონი მათ [ამერიკულ კომპანიებს] ძალიან აქტიურად მოუწოდებენ, მიიღონ ეს ტვირთები, მათ შორის დიდი ფასდაკლებითაც, მაგრამ ისინი წინააღმდეგობის კედელს აწყდებიან, რაც რეპუტაციულ და სამართლებრივ რისკებს უკავშირდება“, - განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
კიდევ ერთი წყაროს თქმით, ტვირთების კომერციული მფლობელები რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდნენ მათ გაყიდვას, თუმცა ამერიკულ კომპანიებში მათ ინტერესი ვერ გამოიწვიეს. რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ ტანკერებზე დიზელის საწვავის დატვირთვის მომენტისთვის მას დადასტურებული მყიდველი არ ჰყავდა.
„ნებისმიერი კომპანია ან ფიზიკური პირი, რომელიც რუსული დიზელის საწვავის ყიდვის შესაძლებლობას განიხილავს, უნდა იაზრებდეს, რომ დანაშაულს სჩადის და კონგრესი აკვირდება ამას. გარდა ამისა, მომავალმა ადმინისტრაციამ შესაძლოა ისინი პასუხისგებაში მისცეს, იმისდა მიუხედავად, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ამაზე თვალს ხუჭავს“, - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენტალმა.