5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ განახლდება - Palitra News

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ განახლდება

2026-10-29 19:26:18+04:00

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება.

სასამართლო კვლავ ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და პროცესი, 30 ოქტომბერს, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, ხვალ სხდომაზე გათვალისწინებულია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ახსნა- განმარტებების მოსმენაც.

ნადარაიას ინფორმაციითვე, მომდევნო კვირის განმავლობაში მხარეები შეისვენებენ და პროცესი ახალ ეტაპით, რომელიც კითხვა-პასუხს მოიცავს, 9 ნოემბრიდან განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები მოისმინეს. ამასთან, სხდომაზე ახსნა-განმარტებები წარმოთქვეს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმაც.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.