ატყუებდნენ ხალხს, ბაქიბუქობდნენ, რომ კარგ შეთანხმებას მიაღწიეს - აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება არ არის ისეთი, რომელმაც შეიძლება შესაძლებლობა მოგვცეს იმ ტარიფების შენარჩუნებისა, რაც დღემდე მოქმედებდა, -ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
რომან გოცირიძის შეფასებით, პარლამენტში განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებები და განცხადებები იძლევა იმის დიდ საფუძველს, რომ გაზის ტარიფი ყველას გაეზრდება.
„გვატყუებდა ხელისუფლება, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ისეთი კარგი კონტრაქტი გავაფორმეთ, რომ სოციალური გაზის ტარიფი არ გაიზრდებაო. გაიზრდება იმიტომ, რომ უკვე წელს მთავრდება ის შეღავათი, როდესაც 70 დოლარად ვყიდულობდით შაჰდენიზის გაზს. ამ წლის ბოლოს იწურება ეს შეღავათი და უკვე გადავდივართ აზერბაიჯანულ გაზზე, ვინაიდან არ გაგვიგრძელეს ამ ფორმის კონტრაქტი. მერე ბაქო-თბილისი ერზერუმის ჩვენი მილი გადავეცით და აზერბაიჯანს გააქვს ახლა ევროპაში [გაზი]. მივებით რუსეთის და აზერბაიჯანის ორ მილს. როგორც ჩანს არავითარი კარგი კონტრაქტი არ არის გაფორმებული. დამატებით გაზს იმავე ფასად მივიღებთ თუ გაორმაგებულად, არავინ არ იცის. მერე გავუხსენებთ ამ განცხადებებს, როდესაც ატყუებდნენ ხალხს, ბაქიბუქობდნენ, რომ კარგ შეთანხმებას მივაღწიეთ. აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება არ არის ისეთი, რომელმაც შეიძლება შესაძლებლობა მოგვცეს იმ ტარიფების შენარჩუნებისა, რაც დღემდე მოქმედებდა.
პარლამენტის განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებები და განცხადებები, ყველანაირი განხილვები იძლევა იმის დიდ საფუძველს, რომ გაზის ტარიფი გაიზრდება და გაეზრდება ყველას. მაშინ რომ ამბობდნენ, რომ რა კარგი ხელშეკრულება ჩამოვიტანეთ, ესეც ტყუილია. აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის მოწოდების კონტრაქტი დღემდე არ არის გაფორმებული. პოლიტიკური განცხადებები იყო, რომ საქართველო მიიღებს რაღაც მოცულობის გაზს. გაზის მოცულობა ვიცით რამდენს მივიღებთ აზერბაიჯანიდან, მაგრამ რა ფასად მივიღებთ დღეს არავინ არ იცის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის თქმით, გაზის ტარიფი ყველასთვის გაიზრდება, თუმცა ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად.
„ტარიფი გაიზრდება ყველასთვის, ოღონდ ზოგისთვის ნაკლებად, ზოგისთვის მეტად. რა შვება უნდა იგრძნოს ადამიანმა იმაში, რომ მე გამეზარდა 10%-ით, ხოლო მეორეს გაეზარდა 20%-ით. ფაქტია, გადაწყვეტილი აქვთ ტარიფის მომატება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.