ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის საქმის განხილვა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.
მათი თქმით, საქმე ეხება ნინო დათაშვილის წინასწარ პატიმრობას, ასევე მის მიმართ დანიშნული იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან.
„2025 წლის 9 ივნისს ნინო დათაშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე იყო მისული, მანდატურების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, როდესაც მას იძულებით დაატოვებინეს სასამართლო შენობა.
20 ივნისს ნინო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353²-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს).
21 ივნისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, გირაოს გამოყენების შესაძლებლობის განხილვის გარეშე. 25 ივნისს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის გასაჩივრების შესახებ საჩივარი დაუშვებლად ცნო.
31 ივლისს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით დანიშნა სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის კანონიერებასაც დაცვის მხარე სადავოდ ხდიდა. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილს ამბულატორიული ფსიქიატრიული ექსპერტიზა მისი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ჩაუტარდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR-მა და Validity Foundation-მა 2025 წლის 24 ოქტომბერს მიმართა.
2025 წლის 29 ოქტომბერს ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, ნინო დათაშვილს პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
ევროპულმა სასამართლომ საქმეზე განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და მე-8 მუხლის ფარგლებში დაიწყო.
ECtHR-ის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება ეროვნულ დონეზე თავისუფლების უფლების განმარტების კუთხით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართლებრივი სტანდარტების განმტკიცება, რომლებიც გამორიცხავს სათანადო სამედიცინო და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ფსიქიატრიული ექსპერტიზის გამოყენებას ბრალდებულზე ზეწოლის, მისი სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმების ან უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვის მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.