პატიმარ დავით ფეიქრიშვილის დედა და ყოფილი მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდნენ - Palitra News

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის დედა და ყოფილი მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდნენ

2026-10-28 18:35:23+04:00

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ყოფილი მეუღლე, ანო ანანიაშვილი და დედა ნინო აბრამიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდნენ.

დავით ფეიქრიშვილის ყოფილი მეუღლის, ანო ანანიაშვილის განცხადებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე სავარაუდოდ, იმ ფაქტის გამო დაიბარეს, „რა ფაქტიც მოხდა გლდანის ციხეში“.

ანო ანანიაშვილის თქმით, ოჯახი მოითხოვს, რომ გლდანის ციხის უფროსს, რამაზ ფირცხალავას თანამდებობა დაატოვებინონ.

„არ ვიცი, რა ინფორმაცია სჭირდებათ და რისთვის დაგვიბარეს, მაგრამ ცხადია, რომ ახლა პროკურატურაში ვართ, დაკითხვაზე შევდივართ მე და დათო ფეიქრიშვილის დედა სავარაუდო იმ ფაქტზე, რა ფაქტიც მოხდა გლდანის ციხეში. ეს არის ცემის ფაქტი. არ არის დაჭერილი არცერთი ადამიანი, ის ადამიანები, ვინც ეს განახორციელა. არცერთი ადვოკატი ხმას არ იღებს ამ ფაქტთან დაკავშირებით. არც გლდანის ციხის უფროსი, რამაზ ფირცხალავა არ არის გადამდგარი. მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ პატარიძე გადადგა. ჩვენ, ოჯახის წევრები ვითხოვთ, რომ აუცილებელია მინიმუმ დაატოვებინონ და მაქსიმუმ დაიჭირონ, რადგან მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს სახელმწიფოში. ჩვენ ამას მოვითხოვთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - განაცხადა ანო ანანიაშვილმა.

ასევე, დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის პაატა გოგიაშვილის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

„ველოდებით და ეჭვი არ გვეპარება გამოძიების ობიექტურობაში. ველოდებით, რომ კვალიფიკაციები დამძიმდება და გაფართოვდება დამნაშავეთა წრე.

ვინც პირდაპირ და არაპირდაპირ არის საქმეში ყველა პირი უნდა დაისაჯოს“,- განაცხადა პაატა გოგიაშვილმა.

ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის განცხადებით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა - ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.

აღნიშნულს პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, მოგვიანებით, მრავლობითი დაზიანებებით, დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს, სადაც ის მკურნალობას დღემდე გადის.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაპირველად გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, თუმცა, შემდეგ, ის გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

პროკურატურის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის რეკომენდაციით მიმართვის შემდეგ, რომ პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შესჩერებოდა, თანამდებობა დატოვა გიორგი პატარიძემ. მის პოსტზე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.