4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება მოსამართლე მზია ლომთათიძემ დაამტკიცა.
მისი გადაწყვეტილებით, ოთხივე მათგანი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. დღევანდელ სხდომაზე ყველა მათგანმა ბრალდება აღიარა.
„ვაცნობიერებ სამართლებრივ შედეგებს, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია",- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელსა და 1 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.
მსჯავრდებულები ირაკლი ბერიძე და მურთაზ ზოდელავა პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ, ხოლო ირაკლი ჩხვირკია 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს ციხეს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
რაც შეეხებათ ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას, მათ, 5-5 წლით აქვთ თავისუფლება აღკვეთილი.