კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე - კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია - Palitra News

კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე - კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია

2026-10-28 12:31:26+04:00

4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ იდგა აღნიშნული პროცესების უკან, ვინ ახალისებდა მათ და საიდან ფინანსდებოდნენ.

“ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარტიების აკრძალვაზე, ხომ ცხადია, საიდან მოდიოდა ეს 4 ოქტომბრის თემა? ვისი დაფინანსებით იყო? ვისი წახალისებით კეთდებოდა? თქვენ გგონიათ, რომ ხალხი ვერ ხვდება რა პროცესები მიდის? ვერ ხვდება საიდან იმართება ეს ყველაფერი? ვერ ხვდება ვინ მართავს ამ ადამიანებს?

ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 4 ოქტომბრამდე? თვეების განმავლობაში მიდიოდა პირდაპირ კამპანია, რომ სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოვაწყოთ, უნდა დავამხოთ ხელისუფლება, უნდა მოვაწყოთ რევოლუციაო. თქვენ გსმენიათ რომელიმე ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი, ელჩი გამოსულიყო ან ვთქვათ ევროპარლამენტარი და დაეგმო ეს ყველაფერი? როგორ დაგმობდნენ, როცა პირდაპირ თავად ახალისებდნენ ამ ყველაფერს და ხელს უწყობდნენ. შესაბამისად, 4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად, იმოქმედეს ღირსეულად და დღეს გვყავს დაკავებული ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, რამდენიმე ბოდიშს იხდის, აღიარებს დანაშაულს. ხელისუფლებას კი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჰუმანური დამოკიდებულება აქვს. ეს კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულს, ამ დანაშაულის სიმძიმეს. ჰუმანურობა კი ჩვენი პოლიტიკის ნაწილია”, - განაცხადა კალაძემ.