გიორგი შარაშიძე - სარჩელში ჩვენს ნაწილში აბსურდულობა კიდევ უფრო მასშტაბურია - წარმოიდგინეთ, გვაკავშირებენ 4 ოქტომბრის პროვოკაციასთან, რასაც ჩვენ არათუ გავემიჯნეთ, არამედ არჩევნების ბოიკოტის წინააღმდეგიც კი ვიყავით - Palitra News

გიორგი შარაშიძე - სარჩელში ჩვენს ნაწილში აბსურდულობა კიდევ უფრო მასშტაბურია - წარმოიდგინეთ, გვაკავშირებენ 4 ოქტომბრის პროვოკაციასთან, რასაც ჩვენ არათუ გავემიჯნეთ, არამედ არჩევნების ბოიკოტის წინააღმდეგიც კი ვიყავით

2026-10-27 19:43:09+04:00

წარმოიდგინეთ, ჩვენ გვაკავშირებენ 4 ოქტომბრის პროვოკაციასთან, რასაც ჩვენ არათუ გავემიჯნეთ, არამედ არჩევნების ბოიკოტის წინააღმდეგიც კი ვიყავით, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში” განაცხადა.

შარაშიძის თქმით, პარტია „ნეიტრალური საქართველოს” მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც პარტიების აკრძალვის შემდეგ ახალი, გაჯანსაღებული ოპოზიციის პოლიტიკურ ველზე გამოსვლის შესახებ არის საუბარი, „ქართული ოცნების” პროპაგანდის ნაწილია, რადგან, მისივე შეფასებით, ხელისუფლება ქმნის ილუზიას, თითქოს ქვეყანაში არ იქნება ერთპარტიულობა, ამ დროს კი მხოლოდ მისივე დანიშნული ოპოზიცია იარსებებს.

„ჩვენს ნაწილში აბსურდულობა კიდევ უფრო მასშტაბურია იმიტომ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ე.წ. ფაქტებიც გამოგონილია და ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მიემართება, მაგალითად ბოიკოტის თემა, ეს თავისთავად ფაქტია. რა თქმა უნდა, მე იმას არ ვამბობ, რომ ამის გამო თუნდაც „ნაციონალური მოძრაობა” უნდა აიკრძალოს ან ნებისმიერი სხვა პარტია, მაგრამ ეს ფაქტი მაინც არის. არც „ნაციონალური მოძრაობა” უარყოფს, რომ ის იმ მომენტში არჩევნების ბოიკოტის მომხრე იყო.

წარმოიდგინეთ, ჩვენ გვაკავშირებენ 4 ოქტომბრის პროვოკაციასთან, რასაც ჩვენ არათუ გავემიჯნეთ, არამედ არჩევნების ბოიკოტის წინააღმდეგიც კი ვიყავით.

აქ არის მეორე ასპექტი, დღეს დაგვეწია ე.წ. პარტიის, „ნეიტრალური საქართველოს” განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი მხარს უჭერენ პარტიების აკრძალვას, თითქოს ამით პოლიტიკური ველი უნდა გაჯანსაღდეს და ჯანსაღი კონკურენციის საშუალება უნდა მიეცეს თურმე „ნეიტრალურ საქართველოს“ „ქართულ ოცნებასთან“. ანუ ღიად პრორუსული, ღიად ხელოვნური და მარიონეტული პარტია გამოდის და ნიადაგს იმზადებს იმისთვის, რომ თითქოს ოპოზიციურ ველზე გამოვიდეს. ამით პროპაგანდა ცდილობს დაგვაჯეროს, თითქოს დიქტატურა და ერთპარტიული მმართველობა არ იქნება.

ეს არის კიდევ უფრო მეტად მზაკვრული ჩანაფიქრი, ერთგვარი შენიღბული პლურალიზმი, რომ მერე თავი გაიმართლონ, რა დიქტატურა და ერთპარტიული მმართველობა, აგერ სხვა პარტიებიც არიანო, სინამდვილეში აკეთებენ იმას, რომ ოპოზიციაც თავად უნდა დანიშნონ. ანუ ხალხს ეუბნებიან, ან მარტო მე ამირჩევთ, ან თუ მაინც და მაინც ოპოზიციის არჩევა გინდა, მე გეტყვი, ვინ უნდა აირჩიოთო. ეს იქნება „ქართული ოცნების” მიერ შენიღბული დემოკრატიული სურათი, სინამდვილეში კი ავტორიტარიზმი პირდაპირ გადადის დიქტატურაში”, - განაცხადა შარაშიძემ.