„ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა ჭორაობა, ჭორაობის დონეზე ჩატარებული დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები არ არის საკმარისი საფუძველი, პოლიტიკურ პარტიას მოუგონო, თითქოს მან ჩაიდინა კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება - არცერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს აქ ოპოზიციის მოპასუხე სახითაა წარმოდგენილი, არ ჩაუდენია კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება და არცერთი არ ექვემდებარება აკრძალვას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ხვალ „ქართული ოცნების“ არგუმენტებს გააბათილებს.
„დღეს ძალიან დასაბუთებულად გამოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ჩამოაყალიბა ის ფაქტები და შეფასებები, რომელზეც აგებულია თავად ეს დასკვნა. აჩვენეს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია და შემდეგ მათ მიერ მომზადებული დასკვნა შეიქმნა მიზნობრივად, რომ მერე ეს, მათი გაგებით, საფუძვლად დასდებოდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას. მაგრამ იმისთვის, რომ პარტია აიკრძალოს, არსებობს სტანდარტები. მხოლოდ ვიღაცის ჭორაობის დონეზე ჩატარებული დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი საფუძველი საიმისოდ, რომ პოლიტიკურ პარტიას მოუგონო, თითქოს მან ჩაიდინა კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება.
არცერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს აქ ოპოზიციის მოპასუხე სახითაა წარმოდგენილი, არ ჩაუდენია კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება. არცერთი პოლიტიკური პარტიის ქმედებაში არ არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება, ასე რომ, არცერთი არ ექვემდებარება აკრძალვას.
„ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა ჭორაობა. დაგველოდონ ხვალინდელ სხდომაზე, ეს გაბათილდება“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.