პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება - Palitra News

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება

2026-10-27 15:33:10+04:00

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით - 79 მომხრე, 8 - წინააღმდეგი მხარი საკანონმდებლო პაკეტს დაუჭირა, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება.

ცვლილებები ამ მიმართულებით “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონსა და კიდევ ოთხ გამომდინარე კანონში შედის. ინიციატივას, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, 28 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

კანონის პროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. პროექტით დგინდება, რომ თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3-მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის.

ცვლილებით ასევე დგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც 50 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება. არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 150 ათას ლარი იქნება.

პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირი პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის და ასეთი შეჯიბრება ევროპის არაერთ ქალაქში ტარდება. მისი თქმით, ინიციატივის მიზანი არატურისტულ სეზონებში ტურისტული სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.