რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 16 ბალისტიკური რაკეტა და 280-ზე მეტი დრონი გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დაფიქსირდა დარტყმები, მათ შორის სამხრეთის ხიდზე.
“ეს რუსეთის მხრიდან ჩვენი ლოგისტიკის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის სერიოზული ესკალაციაა. დარტყმები განხორციელდა კიევის, ვინიცის, ზაპოროჟიეს, დნიპროს, ხარკოვის, ოდესის, ჩერნიგოვის, სუმის, დონეცკის, ხერსონისა და ჩერნოვცის ოლქებშიც. თითქმის ყველგან რუსეთის სამიზნეები იყო ენერგეტიკული სექტორი, ლოგისტიკა და ქალაქის ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა”, - აცხადებს ზელენსკი.
უკრიანის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდებაში ბოლოდროინდელი ხელოვნურად შექმნილი და ხანგრძლივი შეფერხებები პირდაპირ ეხმარება რუსეთს ტერორისტული კამპანიის მიზნების მიღწევაში.
“ყოველი ასეთი შეფერხება ნიშნავს რუსეთის კიდევ ერთ დარტყმას ამა თუ იმ ობიექტზე. სამწუხაროდ, დარტყმები ყოველდღიურად ხდება. რუსეთი მუდმივად დგამს ახალ ნაბიჯებს ესკალაციისკენ. სიტუაციის შესაცვლელად საჭიროა რუსეთზე ზეწოლა და უკრაინისთვის რეალური მხარდაჭერის გაწევა”, - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგაც.
“მიუღებელია რუსეთის საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანის ხელშეწყობა იმ დროს, როდესაც ის ომის შეწყვეტაზე უარს ამბობს. პუტინი მკვლელია, რომლის ხელებიც სისხლითაა მოსვრილი. მისი ადგილი ჰააგაში, ბრალდებულთა სკამზეა და არა საერთაშორისო ღონისძიებებზე”, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.