საქართველოს პროკურატურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა, თუმცა ამის შემდეგ გუშინ გიორგი პატარიძემ თანამდებობა თავადვე დატოვა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად კი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. პატარიძის გადადგომას, პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი ითხოვდა, მოგვიანეით ამ მოთხოვნას ძმები ფეიქრიშვილების ოჯახიც შეუერთდა. საქმეზე განვითარებულ მოვლენებს ოპოზიციაში პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის კონტექსტში აფასებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ სისტემურ ძალადობაზე, პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯის აუცილებლობაზე.