ის ინფორმაცია, რომ თითქოს ფეიქრიშვილებს დაზიანება ავთანდილ ბილანიშვილმა მიაყენა ან კიდევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბილანიშვილი მათ საკანში შეუშვეს, ეს არის ტყუილი. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ავთანდილ ბილანიშვილი და ისინი [ძმები ფეიქრიშვილები] ციხის საერთოდ სხვადასხვა კორპუსში არიან, - ამის შესახებ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ ადვოკატმა, თამარ აბესაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პატიმრობაში მყოფი ძმების, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების დედას, რომელიც შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს, „ემოციები ალაპარაკებს“.
აბესაძის განცხადებით, ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეზინფორმაციისა და ცილისმწამებლური ინფორმაციის გაჟღერების გამო სარჩელს შეიტანენ, რადგან აღნიშნული ინფორმაციები, რაც მედიითა და სოციალური ქსელით ვრცელდებოდა, ავთანდილ ბილანიშვილის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში სკანდალური მითები და არარსებული ინფორმაციები ვრცელდება, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ერთი საკითხია, რომ პატიმარმა დაზიანება მიაყენა სხვა პატიმარს და ეს არის ყოვლად დაუშვებელი, პირდაპირ უარვყოფთ ამ ფაქტს. მათი ერთ საკანში მოთავსებაც ნამდვილად არ მომხდარა და ამას გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება ამ მოარულ ინფორმაციას, რომელიც ასევე აბსურდია, თითქოს ავთანდილ ბილანიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თავის სურვილისამებრ გამოდის და დასეირნობს ქალაქში, ეს ტყუილია და დეზინფორმაცია, რასაც მასთან მიმართებით ავრცელებენ.
თქვენ იცით, რომ მას ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი და არ შეიძლება ასეთი რაღაც, რომ საზოგადოებამ ყველაფერი ისაუბროს იმის საპირწონედ, როდესაც ამის საფუძველი არ გააჩნიათ.
ტელევიზიით ძალიან ბევრი ინფორმაცია გადის და თუ კი ვინმე მეტყვის იმას, რომ ნაცემია სხვა პატიმარი და ამასთან დაკავშირებით აჟღერებენ ინფორმაციას, ამაზეც მაქვს პასუხები.
ის ინფორმაცია, რომ თითქოს ფეიქრიშვილებს დაზიანება ავთანდილ ბილანიშვილმა მიაყენა ან კიდევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილი მათ საკანში შეუშვეს, ეს არის ტყუილი. დედა საუბრობს ამასთან დაკავშირებით, თუმცა დედა ამ შემთხვევაში არის არაობიექტური. მას შეიძლება ემოციამ სძლიოს და ალაპარაკოს მისი ეჭვების შესახებ. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ეჭვებია და არ შეესაბამება სიმართლეს. ასე არ არის, რომ ვისაც რა მოესურვება ის განახორციელოს რომელიმე კამერაში.
ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ავთანდილ ბილანიშვილი და ისინი [ძმები ფეიქრიშვილები] ციხის საერთოდ სხვადასხვა კორპუსში არიან. მე არ ვარ ვალდებული და არც მოვიტან მაგ ცნობებს, თუ რომელ კორპუსშია მაგალითად ავთანდილ ბილანიშვილი და რომელ კორპუსში არიან ისინი.
ველოდებით, რა შედეგებს დაგვიდებს საგამოძიებო სამსახური. საქმეში ჩართულია გენინსპექციაც და სახალხო დამცველის აპარატიც. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს დეტალურად იძიებენ. დადგება ის დრო, როდესაც პირის სახელისა და მისი რეპუტაციის მიმართ შემლახავი ინფორმაციებით მე და ავთანდილ ბილანიშვილი რაიმე სახის სარჩელს წარვადგენთ იმიტომ, რომ ასე ხელაღებით ადამიანზე ისაუბრო ისე, თითქოს შენი თვალით ხედავდე, რა მოხდა და ასე აგორებული ჭორი არ უნდა იყოს გავრცელებული საზოგადოებაში“, - განაცხადა აბესაძემ.
ცნობისთვის, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ დღეს მისმა ადვოკატმა, თამარ აბესაძემ გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოინახულა.