ეს არის ავტოკრატიების იმ დაისის გაგრძელება აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც დაიწყო უნგრეთში, ახლა გაგრძელდა სერბეთში და ეს ტალღა მიანიშნებს იმას, რომ კონსპირაციული რუსულ სისტემაზე აგებული მმართველობის მოდელი პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ბანაკის საზოგადოებებისთვის აღარ არის რელევანტური, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა სერბეთში ალექსანდ ვუჩიჩის დამარცხებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ვუჩიჩის მარცხი არის იმის დასტური, რომ სერბეთის ახალგაზრდა თაობას აღარ სურს რუსული პროტექტორატის ქვეშ ცხოვრება.
„პროცესი, რომელიც რამდენიმე წელია სერბეთში მიდის, სხვათა შორის მსგავსად პროცესებისა, რომლებიც საქართველოში ვითარდება, წარმატებით დასრულდა. სერბული საზოგადოების ახალგაზრდა თაობა, რომელსაც არ უნდა რუსული პროტექტორატის ქვეშ ცხოვრება, რომელსაც უნდა იხილოს სერბეთი დემოკრატიული, ზოგადად ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, ამ ძალებმა გაიმარჯვეს და ეს მისასალმებელია.
ეს არის ავტოკრატიების იმ დაისის გაგრძელება აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც დაიწყო უნგრეთში, ახლა გაგრძელდა სერბეთში და ეს ტალღა მიანიშნებს იმას, რომ კონსპირაციული რუსულ სისტემაზე აგებული მმართველობის მოდელი პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ბანაკის საზოგადოებებისთვის აღარ არის რელევანტური. აი ეს ათწლეული, რომლითაც მათ მოახერხეს ამ იაფფასიანი ფსევდოკონსერვატიული პოპულიზმით საკუთარი მოსახლეობის მანიპულირება მოეხდინათ, ახლა ეს მანიპულაციის ლიმიტი ამოიწურა“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
ალექსანდრ ვუჩიჩმა აღიარა, რომ მისი პარტია, „სერბეთის პროგრესული პარტია”, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, “სტუდენტურმა სიამ” კი გაიმარჯვა. „ცხადია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ, „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა“, - განაცხადა ვუჩიჩმა სატელევიზიო გამოსვლაში.
მისი თქმით, წინასწარი შედეგების თანახმად, სტუდენტებს 250-ადგილიან პარლამენტში 135-140-მდე ადგილი ექნებათ, მის პარტიას - „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ - კი 105 ადგილი.
ვუჩიჩის მიერ ამ განცხადების გაკეთებიდან მალე ბელგრადის ქუჩები ზეიმმა მოიცვა. ქალაქის მთავარ გამზირებზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა; ისმოდა მანქანების საყვირების ხმა, ხალხი ცეკვავდა, სტუდენტები კი სკანდირებდნენ: „გამარჯვება!“ და „მორჩა, დამთავრდა!“.