პროკურორი - დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი, არის ისეთი მოცემულობით გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს - ბრალდება არ უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას - Palitra News

პროკურორი - დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი, არის ისეთი მოცემულობით გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს - ბრალდება არ უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას

2026-10-23 19:05:04+04:00

დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი, არის ისეთი მოცემულობით გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული, - ამის შესახებ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

პროკურორის თქმით, ჩუბინიძის ბრალი მის ჟურნალისტურ საქმიანობას ან მის რომელიმე სტატიას არ უკავშირდება.

„დომენტი ჩუბინიძე ბრალდებულია იმაში, რომ მან ჩაიდინა სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი სახელმწიფოს დასუსტების მიზნით. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მის მიმართ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება იმ საფუძვლით, რომ არსებობს მისი მხრიდან სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გაგრძელების საფრთხე.

სასამართლომ გაიზიარა აღნიშნული საფრთხის არსებობა და მას პატიმრობა შეეფარდა.

მოცემულ სისხლის სამართის საქმეზე პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ გამოძიება გრძელდება. გამოძიება ტარდება და ჩატარდება სრულყოფილად და ობიექტურად. ამ ეტაპზე საქმეზე მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ბრალდებულის საჯარო განცხადებები. გამოკითხული არიან მოწმეები და იკითხებიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.

ეს გამოძიება სწორედ ჩუბინიძის მიერ განხორციელებული დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს. ის ამ ეტაპზე ბრალდებულის სტატუსით სარგებლობს და მას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რა ინფორმაციას მიაწვდის გამოძიებას.

დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი, არის ისეთი მოცემულობით გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. მისი ქმედებები ცალსახად არის გამიჯნული მისი ჟურნალისტური საქმიანობისგან. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რას საქმეში ასევე მტკიცებულების სახით არის წარმოდგენილი და ამან, რა თქმა უნდა, არსებითად დააზიანა სახელმწიფო ინტერესები.

ეს არის მისი მხრიდან, როგორც საჯარო ფიგურის მხრიდან, გაკეთებული არაერთი მიზანმიმართული განცხადება, რომელიც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. მისი ბრალდება არ უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას”, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.SS.GE