4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა. აღნიშნულის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ბრალდების მხარესთან კომუნიკაციით შედგა შეთანხმება, რომ ნანა სანდერმა საპროცესო გარიგებით დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. ადვოკატის თქმით, ნანა სანდერი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებას.
“დიახ, ვაღიარებ ბრალს. ყველაფერში ვეთანხმები ჩემს ადვოკატს. თანახმა ვარ 1 წელსა და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება”, - განაცხადა მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მზაობას ადასტურებს ბრალდების მხარე, თუმცა, რა პირობებით გათავისუფლდება მსჯავრდებული, პროკურორის განმარტებით, ამისთვის შესაბამისი პროცედურის გავლაა საჭირო.
რაც შეეხება ამავე საქმეზე სხვა მსჯავრდებულებს: აბო ნავერიანი საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს აცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარია. ანტონ უპერი ძებნაში იმყოფება, მარიამ მეყანწიშვილს კი ჯარიმა აქვს შეფარდებული.
საერთო ჯამში, აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავდა, მათგან 8 პირს - ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს და ვახტანგ ფიცხელაურს, 3-წლიანი პირობითი მსჯავრით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მათ ბრალი აღიარეს.