საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა, მოწმეთა ვინაობის დადგენისა, მათი გამოძახებისა და დოკუმენტაციის გამოთხოვნის შესახებ არ დააკმაყოფილა.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, განჩინებას პლენუმის სრული შემადგენლობა სრულად დაეთანხმა.
„არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, „გირჩი“ „დროას“ შუამდგომლობა მოწმეთა ვინაობის დადგენის, მათი გამოძახებისა და დოკუმენტაციის გამოთხოვნის შესახებ. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. განჩინება გამოქვეყნდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში. განჩინებას პლენუმის სრული შემადგენლობა ეთანხმება სრულად.
ამასთან, ამ ეტაპზე სასამართლო ვერ დარწმუნდა მტკიცებულებების გამოთხოვის აუცილებლობაში. ის მტკიცებულებები რომელთა გამოთხოვასა და გამოკვლევასაც მხარე ითხოვდა, ეს არის ის მტკიცებულებები, რასაც დასკვნა ეყრდნობა. მხარეს ჩვენთან მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს კომისიის დასკვნა“,- განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა, რომელიც მტკიცებულებების გამოთხოვის და მოწმეთა გამოძახებას ეხებოდა. ნიკა გვარამია ითხოვს, რომ სასამართლომ დაავალოს მოსარჩელეს შუამდგომლობაში მითითებული დოკუმენტებისა და მასალების წარმოდგენა; გამოითხოვოს შუამდგომლობაში ჩამოთვლილი დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან; მოწმეებად გამოიძახოს შუამდგომლობაში მითითებული პირები. დაავალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს მათი ვინაობის დასახელება და გამოცხადების უზრუნველყოფა; დაადგინოს შეზღუდული წვდომის მასალების წარდგენისა და გამოკვლევის წესი 23-ე პუნქტის შესაბამისად და დააფიქსიროს, რომ მასალა, რომელზეც მოპასუხის წარმომადგენლებს წვდომა არ ექნებათ, გადაწყვეტილების საფუძვლად არ გამოიყენება; უზრუნველყოს მიღებული მასალების ასლების გადაცემა მოპასუხის წარმომადგენლებისთვის და მათ გასაცნობად და პასუხის მოსამზადებლად არანაკლებ 1 თვის ვადა განსაზღვროს მასალების ჩაბარების დღიდან; გადადოს საქმის არსებითი განხილვა გამოთხოვილი მასალების მიღებამდე, მოწმეთა მოსმენამდე და მოპასუხისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე; შუამდგომლობა გადაწყვიტოს დასაბუთებული განჩინებით, თითოეულ მოთხოვნაზე ცალ-ცალკე მოტივით, გასარკვევი გარემოების მითითებით.