გია ვოლსკი - გიორგი ზურაბაშვილი, თავისი გამოცდილებით, ჟენევის ფორმატში წარმოდგენილი იქნება მოწოდების სიმაღლეზე - ჩვენს პოზიციას საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი, თავისი საქმის მცოდნე, ქვეყნის მოყვარული ადამიანი ჩაუდგება - Palitra News

გია ვოლსკი - გიორგი ზურაბაშვილი, თავისი გამოცდილებით, ჟენევის ფორმატში წარმოდგენილი იქნება მოწოდების სიმაღლეზე - ჩვენს პოზიციას საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი, თავისი საქმის მცოდნე, ქვეყნის მოყვარული ადამიანი ჩაუდგება

2026-10-21 16:11:47+04:00

ვფიქრობ, გიორგი ზურაბაშვილი, თავისი გამოცდილებით, ჟენევის ფორმატში წარმოდგენელი იქნება მოწოდების სიმაღლეზე - ჩვენს პოზიციას საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი, თავისი საქმის მცოდნე, თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანი ჩაუდგება, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველო უნდა იცავდეს თავის ინტერესებს, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატში, განსაკუთრებით კი - ჟენევაში.

„ჟენევის ფორმატი საკმაოდ უმოქმედო ფორმატია. რამდენი შეხვედრა ჩატარდა, აბსოლუტურად უშედეგოდ. მე პირადად, დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩანაფიქრი სწორედ ასეთი იყო, რომ როგორმე გაეროს სამშვიდობო ძალების სამეთვალყურეო მისია საქართველოდან გასულიყო, რაც სააკაშვილმა 2009 წლის ივნისში მოახერხა. 2009 წლამდე, რუსეთი კვლავ ფორმალურად ითვლებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულად ყოველ კვარტალში ერთხელ, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ ეს მისია დამთავრდა და თითქოსდა, შემოგვაძლია ევროკავშირის მისია. მადლიერები ვართ ამ საოკუპაციო კონტროლისთვის, მაგრამ ის ფუნქცია, რაც მას თითქოსდა უნდა შეესრულებინა, როგორც სააკაშვილი გვეუბნებოდა, რასაკვირველია, არ არსებობს. ერთადერთი, რაც კარგია, არის დარღვევებზე რეაგირების სტრუქტურა, რომელიც ისიც აფხაზეთის მიმართებით აღარ მუშაობს. ჟენევაში, რაც ხდება, აბსოლუტურად შეუსაბამოა ყველანაირ მოთხოვნასთან. ასე რომ, მე ვფიქრობ, გიორგი ზურაბაშვილი, თავისი გამოცდილებით, ჟენევის ფორმატში წარმომადგენელი იქნება მოწოდების დონეზე. აქაც მნიშვნელოვანია, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, რუსეთს მეტი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ჰქონდეს. შეხვედრები იწყება და 15 წუთში მთავრდება, იმის გამო, რომ თავიდანვე ერთმანეთის ინტერესებისადმი შეუსაბამო საკითხი ისმევა. რუსეთმა სრული უპირატესობა მოიპოვა ამ შემთხვევაში და ეს სრული უპირატესობა თავიდანვე იყო ჩადებული იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც სააკაშვილმა მიიღო. რა იქნება სამომავლოდ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენს პოზიციას საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი, თავისი საქმის მცოდნე, თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანი ჩაუდგება. საქართველო უნდა იცავდეს თავის ინტერესებს, მათ შორის საერთაშორისო ფორმატში, განსაკუთრებით, ჟენევაში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა, რომელიც ამავე დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა. როგორც კობახიძემ განმარტა, ზურაბაშვილი მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზეც რჩება.