„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე მოწმის სახით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაბარების შუამდგომლობით გამოვიდა.
შესაბამისი შუამდგომლობა მან სასამართლო სხდომაზე დააყენა.
„რადგან სარჩელი ეხება 2003-2012 წლამდე და 2012 წლიდან დღემდე პერიოდს, ჩვენ ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნას მოყვანილი მოწმედ, იმიტომ, რომ ამ სარჩელის მთავარი სამიზნე არის მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტი იყო იმ წლებში. მაინტერესებს განსაკუთრებით თენგიზ შარმანაშვილი რა კითხვას დაუსვამს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რომელსაც ახლა, ამ სარჩელით ბრალი ედება, მის მიერ დანიშნულ ელჩს წარმოადგენდა, ან გიორგი კახიანი, რომელიც დავით საყვარელიძის საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.
პირველი ვის დაბარებასაც ვითხოვთ, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, მოწმის სახით და მეორე ლევან ხაბეიშვილი, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, განსაკუთრებით, იმ წლებთან დაკავშირებით, 2012 წლიდან დღემდე. ის ორი მოწვევის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა. შესაბამისად, მისი პოზიციაც ამ წლებთან დაკავშირებით და მითუმეტეს მიხეილ სააკაშვილის პოზიცია „ვარდების რევოლუციიდან“ 2012 წლის ჩათვლით, არის არსებითად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ნახონ და გაიგონ“, - განაცხადა წითლიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.