„ლელო - ძლიერმა საქართველომ“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენა. აღნიშნულ პროცესზე „ლელოს“ წარმომადგენლის კახი სამხარაძის განმარტებით, ერთ-ერთი მოსამართლე, ვასილ როინიშვილი, რომლის აცილებასაც ითხოვენ, როგორც ზემდგომი პროკურორი მონაწილეობდა სერჟანტ როინ შავაძის საქმეში.
„ჩვენ ვითხოვთ სამი მოსამართლის აცილებას. ეს განსაკუთრებით იმიტომ, რომ სასამართლომ არ ჩათვალოს, რომ ეს არის ობსტრუქცია სასამართლოსი, რომ ვერ განიხილოს პროცესი. ჩვენ გვესმის მოცემულობა, რომ 7 წევრია დღეს სასამართლოში, მაგრამ უნდა იყოს -9 და ეს მოპასუხე მხარის პრობლემა არ არის, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ არის სრული შემადგენლობა. ჩვენ აცილებას ვუყენებთ ვასილ როინიშვილს, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელმაც უნდა განიხილეს ეს საქმე და ამ სარჩელში მითითებულია კონკრეტული საქმე, რომელშიც იგი მონაწილეობდა საერთო სასამართლოებში საქმის განხილვის დროს. ვგულისხმობ, სერჟანტ როინ შავაძის საქმეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ვასილი მონაწილეობდა, როგორც ზემდგომი პროკურორი, ამ საქმის განხილვაში, შესაბამისად, ეს აჩენს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვს, რაც სრულიად საკმარისია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომ ჩვენ დავინახოთ ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვაყენებთ ორი ახლად დანიშნული წევრის აცილების შუამდგომლობას, ეს არის გოგა კიკილაშვილი და სერგო მეთოფიშვილი. 24 სექტემბერს შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის შემდგომ 3 დღეში დაინიშნა ეს ორი ახალი მოსამართლე. იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც წარმოადგინა საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში, ამ ორი მოსამართლის თანამდებობაზე განმწესებით, რომელიც სწორედ მათ ხელში იყო, მათი გავლენის ქვეშ იყო და ეფექტური კონტროლი სწორედ მათ ხელში იყო, რომ ეს ორი წევრი დაენიშნათ სასამართლოში, მოიპოვეს სრული გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოს სასურველი გადაწყვეტილების მიღებისთვის. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სერგო მეთოფიშვილის და გოგა კიკილაშვილის აცილება დასაბუთებულია", - განაცხადა კახი სამხარაძემ.