პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილოს - Palitra News

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილოს

2026-10-20 11:57:37+04:00

პარტიამ, „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რითაც მოითხოვა, რომ პარტიის - „გახარია-საქართველოსთვის“ კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ გამოიყოს და ცალკე განიხილოს.

აღნიშნულის შესახებ პარტიაში - „გახარია საქართველოსთვის“ ბრიფინგი გაიმართა.

„ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით ბრძოლის ყველა კონსტიტუციურ ველზე, ყველაზე უთანასწორო ბრძოლებში - იმ მიზნით რომ დავპირისპირებოდით „ოცნების“ პროპაგანდას და ტყუილებს და ჩვენი მოქალაქეები „ოცნების“ პირისპირ, მარტო არ დაგვეტოვებინა. ახლაც იმავეს ვაპირებთ.

საკონსტიტუციო სასამართლოში გასამართ პროცესში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მივიღებთ, რათა ეს სამარცხვინო პროცესი დოკუმენტურად დარჩეს საქართველოს ისტორიას ყველა იმ გვარ-სახელით, რომელიც ქვეყანაში განსხვავებული აზრის განადგურებას და ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას უხეიროდ ცდილობს. ყველა მათგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ვერავინ შეძლებს მისგან გაქცევას, ვერცერთი ორგანიზატორი, ვერცერთი ხელმძღვანელი და ვერცერთი თანამონაწილე“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე საზოგადოებას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გააცნო.

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით ხუთი ოპოზიციური პარტიის: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „ კოალიცია ცვლილებისთვის“, ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტები და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა, 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.