სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება - Palitra News

სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება

2026-10-20 10:53:59+04:00

სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მათივე ცნობით, პროექტის საერთო ღირებულება 1 221 222 ლარს შეადგენს.

„თბილისის განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი უძრავი ძეგლის, სიონის ტაძრისა და მისი სამრეკლოს სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება მაისის ბოლოს დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს თბილისში, სიონის N4-ში მდებარე ტაძრისა და სამრეკლოს დაზიანებული სახურავის ბურულის შეცვლა-აღდგენას. სამუშაოების ჩატარება აუცილებელი გახდა პრევენციული მიზნით, რათა თავიდან იქნას აცილებული ნალექის მიერ კედლების დაზიანება და საფრთხე არ შეექმნას ტაძარში დაცულ უნიკალურ ფრესკებს.

ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, სამუშაოების განხორციელებაზე ხელშეკრულება გაფორმდა შპს „რემონტი 2-თან”. პროექტის საერთო ღირებულება 1 221 222 ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროექტი აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება“,- განაცხადეს მერიაში.