ვახო სანაია - ჩემი დაკავების მიზანია საზოგადოება გაჩუმდეს, საზოგადოება არ გაჩუმდება არასდროს - ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება - Palitra News

ვახო სანაია - ჩემი დაკავების მიზანია საზოგადოება გაჩუმდეს, საზოგადოება არ გაჩუმდება არასდროს - ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება

2026-10-19 13:33:36+04:00

ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება! - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ დაკავებისას განაცხადა, რომელსაც 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

სანაიას თქმით, ვერანაირი პატიმრობა ვერ შეცვლის ამ სიტუაციას.

„ბოლომდე! ვერანაირი პატიმრობა ვერ შეცვლის ამ სიტუაციას. ჩემი დაკავების მთავარი მიზანია საზოგადოება გაჩუმდეს, საზოგადოება არ გაჩუმდება არასდროს. ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ჩვენი დევიზია ბოლომდე“, - აღნიშნა სანაიამ.

ცნობისთვის, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა. სხდომას არ ესწრებოდა ვახო სანაია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია უკვე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მაშინ, ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.