გიორგი სიორიძე - „ძლიერი საქართველო - ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი - ეს იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ - Palitra News

გიორგი სიორიძე - „ძლიერი საქართველო - ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი - ეს იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ „ქართულ ოცნებას“

2026-10-15 11:53:13+04:00

საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი მონაწილეობით “ქართული ოცნების” პოლიტიკური განაჩენის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დაიწერება, სამართლებრივ საფუძველს მისცემს საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს შესაბამისი რეაგირებისთვის - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების დაანონსებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ის პლატფორმა, რომლიდანაც „ქართულ ოცნებას” ამხელენ საერთაშორისო თანამეგობრობისა და ქართული საზოგადოების წინა, რათა “ქართულმა ოცნებამ” გადაიხადოს “უმძიმესი პოლიტიკური ფასი”.

„კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო” 21 ოქტომბრიდან, თავისი კვალიფიციური იურისტების გუნდთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი. ჩვენ გამოვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას. საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ “ქართულ ოცნებას” ქართული საზოგადოების, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ისტორიის წინაშე. საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი მონაწილეობით “ქართული ოცნების” პოლიტიკური განაჩენის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დაიწერება, სამართლებრივ საფუძველს მისცემს საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს შესაბამისი რეაგირებისთვის. “ქართულ ოცნებას” მოუწევს გადაიხადოს უმძიმესი პოლიტიკური ფასი. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ორგანიზაციების ან პოლიტიკოსებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვას. ეს ნიშნავს მილიონამდე ამომრჩევლისთვის არჩევანის უფლების წართმევას. ჩვენ მხარი დაგვიჭირა ამომრჩეველმა, რომელსაც საქართველოში 1000-ლარიანი პენსია, ანაკლიის პორტის აშენება, იმ მეგა პროექტების განხორციელება სურდა, რომელიც ახალ 200 000 სამუშაო ადგილს მოიტანდა ჩვენ ქვეყანაში და ამ ამომრჩეველს „ქართული ოცნება” ეუბნება - არას. მათ სურთ, რომ გააქრონ ამომრჩევლები, საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნიდან, მაგრამ ეს შეუძლებელია. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ეს ქვეყანა დაღუპვისაკენ, რუსეთისაკენ მიჰყავს, მაშინ როდესაც საზოგადოების არჩევანი არის ევროკავშირი და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ საქმეში ჩვენ ვართ ქართული საზოგადოების მოკავშირეები. ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, გავაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური მეთოდით და ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყანაში დასრულდება და ჩვენ “ძლიერი საქართველო - ლელო” ვიქნებით ამ ყველაფრის თანაშემოქმედნი”, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.